ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი მოქალაქეების მოთხოვნებს არ არის მორგებული და ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, სახელმწიფო მოხელეების ხელფასების ფონდს 6 მილიონი ლარით მეტი აქვს გამოყოფილი.
"ენმ"-ს წარმომადგენელის, ლევან ხაბეიშვილის, თქმით, ამგვარი განაწილება იმის მანიშნებელია, რომ 2021 წელს სახელმწიფო მოხელეების ხელფასი გაიზრდება.
"სახეზე გვაქვს საბიუჯეტო კრიზისი სადაც 71 მილიონი ლარით მცირდება 2021 წლის ბიუჯეტი. მიუხედავად ამ შემცირებისა, დედაქალაქის მერი უარს არ ამბობს შრომის ანაზღაურების მუხლი გაზარდოს ექვსი მილიონი ლარით. თუმცა, ეს პრობლემები არ შეეხება დედაქალაქის მერიის არც ერთ საქალაქო სამსახურს, არც ერთ გამგეობას და მეტიც - თუ ბიუჯეტში კარგად ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ ათივე გამგეობაში იზრდება შრომის ანაზღაურების მუხლი", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი
შეგახსენებთ, რომ კალაძემ ბიუჯეტის შესახებ მთავრობის სხდომაზე 9 დეკემბერს ისაუბრა და თქვა, რომ 2021 წელს თბილსისი მერიის ბიუჯეტი მილიარდ ას მილიონზე მეტი იქნება. კალაძის თქმით, ამ თემაზე ხშირია სპეკულირება, თუმცა ბიუჯეტის მესამედი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოიყოფა, რაც 350 მილიონ ლარზე მეტია. ამდენივე იქნება გამოყოფილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის.