ერთი ოჯახის წევრი პოლიციელების გავლენები ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. მას შემდეგ რაც, გიორგი გახარიას პირადი კადრი, მაშინ ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრმა პირველ მოადგილედ დანიშნა, ე.წ გორის კლანი ასპარეზზე გამოვიდა. გახარიას დაწინაურების შემდეგ საბანაძე ძალოვან უწყებაში დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ვახტანგ გომელაურმა არაერთხელ სცადა მისი ჩამოშორება პრემიერის რჩეული კადრი მაინც პირველი მოადგილის სავარძელს იკავებს.
"გორის კლანს" გავლენები ნამდვილად აქვს, მთელი საქართველოს მასშტაბით. საბანაძის ქვისლი, კოტე ანანიაშვილი 2018 წელს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას არა მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, არამედ ანანიაშვილი აკონტროლებს. ყველა ბიზნესი, მშენებლობა, მიწები თუ სხვა საკითხები სწორედ საბანაძის ქვისლთან ლაგდება. მისი შავ-ბნელი საქმეების შესახებ უკვე ყველასთვის ცნობილია. საპარლამენტო არჩევნებამდე სპორტსმენებმა ის არაერთხელ დაადანაშაულეს არაოფიციალური შეხვედრების ორგანიზებასა და "ქართული ოცნებისთვის" დახმარების სანაცვლოდ ფულის შეთავაზებაში.
კოტე ანანიაშვილის მამა წლების განმავლობაში გორის სასაფლაოს დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. წყაროს ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ მერაბ ანანიაშვილი დააწინაურეს.
გვინდოდა კოტე ანანიაშვილისთვის გვეკითხა მამის მაღალანაზღაურებადი სამსახურის შესახებ, მაგრამ რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.
აჭარაში დიდი გავლენების მიუხედავად, ამბობენ, რომ ოჯახში ანანიაშვილის სიტყვა გადამწყვეტი არ არის. "გორის კლანის" სათავეში საბანაძეები მოიაზრებიან. როგორც ჩანს, სწორედ შს მინისტრის მოადგილემ გადაარჩინა მეუღლის დისშვილი ბევრი წლით ციხეში გაშვებას.
ანა ვახტანგიშვილის შვილმა გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელს გიორგი კაპანაძეს სცემა და ყბა მოტეხა. პოლიციელზე თავდასხმა პატიმრობით ისჯება, თუმცა, თაზო რიკრიკაძეს ერთი დღეც არ გაუტარებია გისოსებს მიღმა. ამ ამბავზე კითხვებმა რიკრიკაძე ძალიან გააღიზიანა.
ოჯახის კიდევ ერთი წევრი - რამაზ ჩოჩიშვილი. მთელი საქართველო თუ არა, მთელმა თბილისმა კარგად იცის მისი საქმიანობის შესახებ.
კლანს გავლენები არა მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში არამედ სუს-შიც და ახლა უკვე საქართველოს პარლამენტშიც აქვს. ლილუაშვილის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი - კახა საბანაძის მამის ნათლულია. სწორედ ემზარ საბანაძე მოიაზრება "გორის კლანის" მთავარ პირად. როგორც ჩანს სწორედ მისი დახმარებით მოხვდა ნათლულის ძმა, გიორგი ხოჯევანიშვილი 10-ე მოწვევის პარლამენტში. მანამდე ის შიდა ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე იყო.
ყველაზე დიდი კლანი სამართალდამცავებში - ქვისლი პოლიციელები, ძალოვანების ოჯახში კრიმინალები და დეპუტატები. გავლენები აქვთ სახელმწიფო უწყებებშიც, ქუჩაშიც და საკანონმდებლო ორგანოშიც. ოჯახს კარგი პოზიციები უჭირავს, თანამდებობრივად უფრო დიდი ხალხიც კი, სურვილის მიუხედავად, მათ ჩამოშორებას ვერ ახერხებს. შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ ვახტანგ გომელაურმა პირველი ბრძოლა სწორედ კახა საბანაძესთან წააგო.