ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" მორიგ ბრიფინგზე "მთავარი არხის" კამერით ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს გადაღებულ, მისი და ლაშა ნაცვლიშვილის მიმოწერას განმარტავს და ამბობს, რომ საქმე არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობას" ეხებოდა.
კობახიძე ამბობს, რომ ლაშა ნაცვლიშვილთან "დარტყმაზე" მიმოწერა "საერთაშორისო გამჭირვალობისგან" ინფორმაციის გამოთხოვის გზებს ეხებოდა – რა შეიძლებოდა ეცადათ კობახიძეს და ნაცვლიშვილს იმ შემთხვევაში თუ ეკა გიგაურის ორგანიზაცია ინფორმაციის გაცემაზე უარს იტყოდა.
"ლაშა ნაცვლიშვილი პიარის მიმართულებას ხელმძღვანელობს პარტიაში და ჩვენ გვაქვს ბუნებრივია მუდმივი კომუნიკაცია. რაც შეეხება მიმოწერას, იქ ერთი სიტყვა მოგება არის შეცდომით, "არ მოგვცემენ" ეწერა, დარტყმაზეც იყო საუბარი, დარტყმა სწორია. ლაშა ნაცვლიშვილს ერთერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის ერთერთმა ლიდერმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ PVT ჩატარებული ჰქონდა "საერთაშორისო გამჭირვალობასაც", ეკა გიგაურსაც, 400 საარჩევნო უბანზე. ამ PVT–ს თანახმად, ზუსტად აჯდებოდა ეს მონაცემები ცესკოს მონაცემებს და სამწუხაროდ, ამ მონაცემებს მალავდა ეკა გიგაური. ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლებოდა, ვინმეს მეშვეობით გამოგვეთხოვა ინფორმაცია, როგორც გიგაურისგან, ასევე ISFED–ისგანაც. ჩვენ გვინდოდა ორივე PVT–ს მონაცემები, რაზეც წარიმართდებოდა მსჯელობა, მე გავუზიარე ჩემი მოსაზრება ლაშა ნაცვლიშვილს, ვუთხარი, რომ არ მოგვცემდნენ ინფორმაციას, ლაშა ნაცვლიშვილის პოზიცია იყო მაინც გვეცადა, საქმე ეხებოდა ეკა გიგაურის PVT–ს, რომელიც სამწუხაროდ იმალებოდა, მე არც ვიცი ჩატარებული ჰქონდა თუ არა ეკა გიგაურს PVT" , – ამბობს ირაკლი კობახიძე
კობახიძე ამბობს, რომ თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყება, საქმე დელიკატურია და აშშ–ის ელჩების მონაწილეობით უნდა განიხილებოდეს.
შეგახსენებთ - 11 დეკემბერს, ISFED-მა გამოაცხადა, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ამის შემდეგ განახლებული მონაცემებით "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა.
12 დეკემბერს, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ".