ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ "ქართულ ოცნებას" წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, სამართლიანი არჩევნების პარალელურ დათვლაში ხარვეზის შესახებ, ასევე კობახიძისა და ნაცვლიშვილის მიმოწერა, ოპოზიციაში ეჭვს ბადებს, რომ ხელისუფლება ISFED–ს უსმენდა.
"ჩვენ გვყავს რეჟიმი და ხელისუფლება, რომელიც ყველას უსმენს, მათ შორის, მე არ გამოვრიცხავ, რომ უსმენდეს ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაკავშირებულია არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, არამედ დონორ ორგანიზაციებთან, ამას სჭირდება საფუძვლიანი მოკვლევა" , – ამბობს "ენმ–ს" ლიდერი ხატია დეკანოიძე
"ჩვენ ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ "ქართულ ოცნებას" წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია, ISFED–ის პარალელურ დათვლასთან და ხარვეზთან დაკავშირებით." – ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი სერგი კაპანაძე
დღეს ირაკლი კობახიძემ, "ქართული ოცნების" მორიგ ბრიფინგზე "მთავარი არხის" კამერით ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს გადაღებული, მისი და ლაშა ნაცვლიშვილის მიმოწერა განმარტა და თქვა, რომ საქმე არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობას" ეხებოდა.
შეგახსენებთ - 11 დეკემბერს, ISFED-მა გამოაცხადა, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ამის შემდეგ განახლებული მონაცემებით "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა.
12 დეკემბერს, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ".