ნიკა გვარამიას განეიტრალებით ივანიშვილი თავისუფალი მედიის განეიტრალებას ცდილობს - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" ნიკა გვარამიას დაკავებას ახალ წლამდე გეგმავს. ოლიგარქის სპიკერების მხრიდან დაანონსებული რეპრესიების შემდეგ, ხელისუფლების პირველი სამიზნე მალევე გამოიკვეთა.

ახლა ოლიგარქის გუნდის მთავარი სტრატეგია პოლიტიკური სასამართლოს პირობებში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, დაკავებაა. ხელისუფლება ჩქარობს, გაანეიტრალოს ყველა, ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედებს. ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ "მთავარი არხის" დირექტორის საქმე მხოლოდ დასაწყისია და ივანიშვილის რეპრესიების მორიგი სამიზნე პოლიტიკური ლიდერები იქნებიან.

"ივანიშვილმა კარგად იცის, რომ ნიკა გვარამიას დაშინება შეუძლებელია. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად ეღობება მას", - ამბობს "ენმ"-ის ერთერთი წევრი, ხატია დეკანოიძე.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ნიკა გვარამიას განეიტრალებით ოლიგარქი ივანიშვილი თავისუფალი მედიის განეიტრალებას ცდილობს.

"ივანიშვილი ცდილობს, თუ ნიკა გვარამიას გაანეიტრალებს, გაანეიტრალებს ამით თავისუფალ მედიას, "მთავარ არხს" და გაუადვილდება იმავე ზრახვების განხორციელება ქვეყანაში, რასაც აქამდე აკეთებდა. გერმანიის ელჩი დაახლოებით ისე იქცევა, როგორც ნაცვლიშვილი-ივანიშვილის კარზე. ლაშა ნაცვლიშვილია, სამწუხაროდ, გერმანიის ელჩი, რომელმაც დაკარგა განცდა, რომ ის არის დიპლომატი, არის ელჩი და არის დაქირავებული მონა ივანიშვილის კარზე", - ამბობს "ლეიბორისტული პარტიის" გენერალური მდივანი, გიორგი გუგავა.

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორისთვის კი, გაუგებარია, რატომ ირჩევენ დუმილს ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები, როცა საქმე ძალადობას, მუქარას, შანტაჟს და, რაც მთავარია, არჩევნების გაყალბებას ეხება. ნიკა გვარამიას თქმით, კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი არ იცნობენ ივანიშვილის რეჟიმს და ვერ ფლობენ ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ სტატუსი გამოაქვეყნა. როგორც ამბობს, შემოუთვალეს, რომ ახალ წლამდე მისი სასამართლო პროცესი განახლდება და ქონებას ჩამოართმევენ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი