ISFED-მა გაასაჯაროვოს ინფორმაცია იმ უბნებზე, სადაც ბიულეტენების სიჭარბე დაფიქსირდა - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე, ამბობს, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა საკუთარი ორგანიზაციის რეპუტაციას ზიანი მიაყენა და რადიკალური ოპოზიციის მიერ ქვეყანაში კრიზისის შექმნას შეუწყო ხელი.

"გამოვთქვამთ მწუხარებას იმის გამო, რომ "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მისიას, რითაც უმძიმესი ზიანი მიაყენა მისი ორგანიზაციის იმიჯსა და რეპუტაციას და ნებსით თუ უნებლიეთ, ხელი შეუწყო რადიკალური ოპოზიციის მიერ ხელოვნური პოლიტიკური კრიზისის შექმნას ქვეყანაში. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ახდენს ორგანიზაციის დისკრედიტაციას მისი ყოველდღიური განცხადებებითა და მცდარი ინფორმაციის გავრცელებით", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

მისი თქმით, PVT-სა და "ცესკოს" მონაცემების თანხვედრა იმის უტყუარი საბუთია, რომ საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნები არ გაუყალბებია. 

"PVT-სა და "ცესკოს" მონაცემების თანხვედრა არის უტყუარი საბუთი, რომ საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნები არ გაუყალბებია. სწორედ ამიტომ შეფასდა არჩევნები, როგორც კონკურენტული და თავისუფალი ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ "სამართლიან არჩევნებს", გაასაჯაროვოს ინფორმაცია საარჩევნო უბნების 8%-ის შესახებ, სადაც, თითქოს, საარჩევნო ბიულეტენების სიჭარბე დაფიქსირდა", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

შეგახსენებთ - 11 დეკემბერს, ISFED-მა გამოაცხადა, რომ არჩევნების ხმების პარალელური დათვლის დროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა - კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც. ამის შემდეგ განახლებული მონაცემებით "ქართულ ოცნებას" 47.6% აქვს, ხოლო მანამდე  მმართველ გუნდს 45.8% ჰქონდა.

12 დეკემბერს, მომხდარს გამოეხმაურა ორგანიზაციის მოქმედი ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ "შეეცადნენ მაღალი სტანდარტი დაეცვათ და თვალი არ დაეხუჭათ". 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი