"ოცნებაში", "მთავარი არხის" კამერით ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს გადაღებულ ლაშა ნაცვლიშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმოწერას ეხმაურებიან.
ქართული ოცნების წევრი ირაკლი ზარქუა არ მალავს, რომ "ოცნების" ყველა წევრის გადადგმული ნაბიჯი განსაზღვრული, გაწერილი და დაწერილია.
"ნაცვლიშვილი არის ჩვენი გუნდის წევრი, გვეხმარება პიარის საკითხებში, ეს თქვენთვის სიახლეა? გვარამიამ იცის ზეპირად ეს ყველაფერი. მესიჯბოქსი ეს არის რასაც წერთ, შეჯერებული შეთანხმებული და ჩვეულებრივი მოცემულობაა, თითოეული ჩვენი გადადგმული ნაბიჯი რაც არის, ყველა არის განსაზღვრული, გაწერილი, დაწერილი" ,– ამბობს "ოცნების" წარმომდგენელი ირაკლი ზარქუა.
ერთპარტიული პარლამენტის საბურთლოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სერგეენკოც ამბობს, რომ ნაცვლიშვილისგნ "შეჯერებულ მესიჯბოქსებს" იღებს, ხოლო "ოცნებას" წინასაარჩევნოდ და საპარლამენტოდ ფეისბუქზე ახალ–ახალი ჯგუფები აქვს.
"შეჯერებული მესიჯბოქსებია, იყო რამოდენიმე ჯგუფი, ადრე ვიყავი "სამთავრობო ჯგუფის" წევრი, შემდგომ "წინასაარჩევნო პარტიული", ახლა უკვე "საპარლამენტო", შედარების საშუალება არ მაქვს, ერთი და იგივე მოდის თუ არა, მაგრამ ამ ჯგუფში მიდის მსჯელობა მესიჯებზე." – ამბობს დავით სერგეენკო
კობახიძე–ნაცვლიშვილის მიმოწერას ოპოზიციაში დაბალი დონის საპარლამენტო ინსტიტუტად აფასებენ.
"ირაკლი კობახიძე ყოფილა ბატონი ნაცვლიშვილი და ასე პირდაპირ sms–ებით ღებულობენ ინსტრუქციას, როგორც მოიქცნენ პარლამენტში. როგორი დაბალი დონის ინსტიტუთან გვაქვს საქმე, რომ ნაცვლიშვილი მესიჯებით მართავს საპარლმენტო უმრავლესობას" – ამბობს ენმ–ს ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.
გიგა ბოკერია ფიქრობს, რომ "ოცნება" არასამთავრობო ორგანიზაციების სახელის შებღალვას ცდილობს და არ გამორიცხავს რომ მმართველი პარტია მესამე სექტორს უკანონდაც უსმენს. დავით ჭიჭინაძის აზრითაც, "ოცნება" არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლას ახდენს.
შეგახსენებთ, რომ დღეს "ოცნებაში" გამართულ პირველ ბრიფინგზე კობახიძემ ლაშა ნაცვლიშვილთან მიმოწერის დეტალები განმარტა და თქვა, რომ საქმე ეხებოდა "საერთაშორისო გამჭირვალობისგან" ინფორმაციის გამოთხოვის გზებს – რა შეიძლებოდა ეცადათ კობახიძეს და ნაცვლიშვილს იმ შემთხვევაში თუ ეკა გიგაურის ორგანიზაცია ინფორმაციის გაცემაზე უარს იტყოდა.