გრიგოლ ვაშაძემ ენმ დატოვა - რა შეფასებები მოჰყვა პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაცინალური მოძრაობა" პარტიის თავმჯდომარის გარეშე რჩება - გრიგოლ ვაშაძემ მთავარი ოპოზიციური პარტია Facebook პოსტით დატოვა. პარტიის წევრების ნაწილი ამბობს, რომ გადაწყვეტილების შესახებ იცოდა, ნაწილისთვის კი ეს მოულოდნელი აღმოჩნდა.

"არ ვეთანხმები პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე.წ-ლ ქართულ ოცნებას აძლევს ხელს. ვერ შევეგუები იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია თითქოს და ჩავაბარეთ წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასადროს, ვიმეორებ, ვერასდროს ვერ მოვიპოვებთ ამომრჩევლის ნდობას. შეუძლებელია ღრმა აღშფოთებას არ იწვევდეს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანია, რომელიც გაუგებარია ვინ და რა მიზნით წამოიწყო. ამით ადგება უდიდესი ზიანი საქართველოს ურთიერთობებს აშშ-სთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან", - წერს გრიგოლ ვაშაძე.

ვაშაძის განცხადებას უკვე მოჰყვა შეფასებები ოპოზიციაშიც და პოზიციაშიც. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ შექმნილი ვითარება მძიმეა, თუმცა ყველას უნდა ახსოვდეს, რომ გამოწვევებს უნდა გაუმკლავდეს. დატოვებს თუ არა სხვა ლიდერი პარტიას, ამ კითხვაზე არცერთი ლიდერი ინფორმაციას არ ადასტურებს.

"ძალიან ვაფასებთ იმას, რაც გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა პარტიისთვის გასული 4 წლის მანძილზე, მან ძალინ რთულ დროს გადაწყვიტა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირება საკუთარი საქმიანობის, იყო ძალიან წარმატებული კანდიდატი ყველა არჩევით თანამდებობაზე სადაც იყარა კენჭი და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ის იქნება დანაკარგი ჩვენი პარტიისთვის", - თქვა სალომე სამადაშვილმა. 

მისი თქმით, ყველა ადამიანს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს როგორ გააგრძელებს საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას და ცოხვრებას.

მომხდარს გამოეხმაურა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ წუხს, რადგან პარტიის თავმჯდომარესა და პარტიას შორის პოზიციების ბოლომდე დაახლოვება ვერ მოხერხდა. მან აღნიშნა, რომ დამატებით დეტალებზე არ ისაუბრებს.

კიდევ ერთმა წევრმა, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ვაშაძემ პარტიაში ბევრი რამ მიიტანა და არაფერი წაუღია.

შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ პარტიიდან მიდის და ყველა თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირს, თუმცა სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. ვაშაძე აცხადებს, რომ არის ფაქტები, რასაც კატეგორიულად ვერ შეეგუება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი