ბათუმში დღეს აჭარის უმაღლესი ერთპარტიული საბჭოს შეკრება მოქალაქეების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
ენმ–ს წევრები აჭარაში - მას შემდეგ, რაც უსკო პროპორციულ საარჩევნო სიებს გააუქმებს- ოფიციალურად იტყვიან მანდატებზე უარს. მათ ხელი მოაწერეს სიმბოლურ ბანერს.
"ჩვენ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების უსკოს შედეგების მიხედვით აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩეული დეპუტატები უარს ვაცხადებთ სადეპუტატო მანდატებზე და ვტოვებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების მიხედვით შეკრებილ უმაღლეს საბჭოს, რადგან ის არ ასახავს რეგიონში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეების ნებას. ჩვენი ოფიციალური განცხადებები უმაღლეს საბჭოში შევა უსკოს მიერ პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის მიღებისთანავე. აქვე, მივმართავთ უმაღლეს საარჩევნო კომისიას მოთხოვნით, გააუქმოს ჩვენს მიერ წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სიები." – ნათქვამია ენმ–ს არჩეული დეპუტატების განცხადებაში, რომელიც მათ მთავრობის სახლის წინ წარმოადგინეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ რომ ლეგიტიმურად 31 ოქტომბრის არჩევნებს არ ცნობენ და ბიძინა ივანიშვილის მანდატებზე უარს ამბობენ.
"31 ოქტომბერს ყველაფერი შეიძლება ეწოდოს არჩევნების გარდა, თავზე გადაგვახია მთელ ერს ბიძინა ივანიშვილმა. უმაღლესი საბჭო აპირებს ამ არჩევნების დაკანონება შეძლოს ხოლო ჩვენ აქ ოპოზიციის წევრები, ყველანი უკლებლივ უარს ვამბობთ ბიძინას მიერ ნაბოძებ მანდატებზე და უარს ვაცხადებთ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე. "– ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კირთაძე
აჭარის 21 წევრიან უმაღლეს საბჭოში, ბარიერი ოპოზიციიდან მხოლოდ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადალახა, თუმცა "ენმ–ს" უარის შედეგად "ოცნება" აჭარის უმაღლეს საბჭოშიც, საქართველოს პარლამენტის მსგავსად, მარტო რჩება.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრი მურმან დუმბაძე ამბობს, რომ უსკოს შედეგები ამომრჩევლის ნებას არ ასახავს და მოქალაქეები მიტაცებულ არჩევნებს არ შეეგუებიან.
ენმ–ს ლიდერი ლევან ვაშალომიძე ამბობს, რომ ხალხის ნებას ბოლომდე დაიცავენ და ხელისუფლების მიტაცებას "რუსულ ოცნებას" არ შეარჩენენ.
ოპოზიცია და სამქოლაქო აქტვისტები, უკვე თვეზე მეტია, მიტაცებულ ხელისუფლებას, ბათუმის ქუჩებში უწყვეტი აქციებით აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართა.