
ისუტიციის ყოფილი მინისტრი და ამჟამად პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი "ნაციონალური მოძრაობიდან" გრიგოლ ვაშაძის წასვლას ეხმაურება. წულუკიანი, რომელიც ვაშაძეს ყოველთვის აკრიტიკებდა და პოსტსაბჭოთა გადმონაშთს ეძახდა, დღეს მედიასთან შეცვლილი რიტორიკით წარსდგა.
"8 მარტის შეთანხმება სანამ იქნებოდა მიღწეული, შესაძლებლობა მქონდა, თუ არ მეშლება, მოლაპარაკებების ორ საწყის რაუნდში პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიმეღო. გრიგოლ ვაშაძე პირველად იქ გავიცანი. ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი, პირველად ამას არ ვამბობ, იქ წარმოდგენილი ოპოზიციის წევრებიდან გრიგოლი ყოველთვის იყო მწვავე და პრინციპული, მაგრამ მის ყოველ მწვავე კრიტიკას და ქართული ოცნების ქარცეცხლში გატარებას ყოველთვის გასდევდა ხოლმე თან ის რაღაცა, რაც იშვიათად დამინახავს სხვა ოპოზიციის წევრებში. იტყოდა ძალიან უსიამვნო რამეს ჩემი ყურებისთვის, ქართული ოცნების მოსასმენად, მაგრამ ეს ყოველთვის იყო ნათქვამი რაღაც ფორმით და ყოველთვის იყო ნაკარნახევი, თითქოს უფრო არა ვიწრო პარტიულით, არამედ უფრო იმით, თუ რა სჯობს ქვეყნისთვის. ეს ყოველთვის ასე იყო, რაც არ უნდა ის არ მომწონდეს და ჩემთვის მიუღებელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდეს. შესაბამისად, მისი დღევანდელი განცხადება თავისი არც შინაარსით და არც ფორმით მე არ გამკვირვებია", - თქვა თეა წულუკიანმა.
მომხდარს გამოეხმაურა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ წუხს, რადგან პარტიის თავმჯდომარესა და პარტიას შორის პოზიციების ბოლომდე დაახლოვება ვერ მოხერხდა. მან აღნიშნა, რომ დამატებით დეტალებზე არ ისაუბრებს.
კიდევ ერთმა წევრმა, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ვაშაძემ პარტიაში ბევრი რამ მიიტანა და არაფერი წაუღია.
შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ პარტიიდან მიდის და ყველა თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა უჭირს, თუმცა სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. ვაშაძე აცხადებს, რომ არის ფაქტები, რასაც კატეგორიულად ვერ შეეგუება.