აფრიკის მოსახლეობა სახლების ნარჩენებს აგროვებს, სამგორის გამგეობასთან აქციაა

გამოქვეყნდა:

აფრიკის დასახლების მაცხოვრებლებმა, რომელთაც გუშინ მერიამ სახლები დაუნგრია, ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს. ისინი ამბობენ, რომ აფრიკის დასახლებაში ცხოვრობდნენ და სხვა სახლები არ აქვთ.

დაზარალებული მოსახლეობა ცდილობს სახლების ნანგრევებისგან დარჩენილი ნაწილები წაიღონ, რადგან ფქირობენ, რომ სხვა უწყებებმა შესაძლოა დაასწრონ წაღება.

"დედაჩემი აქ ცხოვრობდა, 6 თვის წინ დავიწყე მშენებლობა, ორი სამი დღის აშენებული, რომ არ არის ეს, აშკარად ეტყობა. ნათესავთან დავრჩები, მაგრამ ამ ზამთარში, პანდემიის დროს, ორ კვირაში ახალი წელია, ქუჩაში გამოგვყარა ხალხი...

საღამოთი მოვიდა ჯარიმა, დილით მამაჩემი დაიღუპა, შეეწირა ამ მიწას. ეს მაქვს 8 თვე ნაშენები, ვიფიქრეთ ოთხშაბათამდე, რეალური შესაძლებლობა იყო მოგვესწრო ამის დაშლა, სახურავები ჯერ არ გვქონდა გადაფარებული. გვქონდა პატარა სამზარეულო, ვცხოვრობდით მე და დედაჩემი." – ამბობენ აფრიკის დასახლების მაცხოვრებლები.

ამ წუთებში, აფრიკის მაცხოვრებლები სამგორის რაიონის გამგეობასთან აპროტესტებენ სახლების დანგრევას და პოლიციასთან დაპირისპირების დროს დაკავებებს.

აფრიკის მოსახლეობას შეხვედრა სურდა სამგორის რაიონის გამგებელთან, რომელმაც, თავის კაბინეტში მხოლოდ 3 ადამიანი შეიყვანა მოსალაპარაკებლად.

გამგეობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაეხმარებიან ყველა სოციალურად დაუცველს, ვისაც დახმარება ჭირდება.

"კანონს ვინც არღვევს, იმას პასუხს მოთხოვს ყველა, ოცნება არ არღვევს კანონს, კანონი ვინც დაარღვია გუშინ, იმას პასუხი მოთხოვეს." – ასე მიმართა სამგორის რაიონის გამგებელმა მოსახლეობას, რომელთაც გუშინ სახლები დაუნგრიეს.

გუშინ მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითად უკანონო მშენებლობებს ანგრევდა. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

სახლების დანგრევიდან რამდენიმე საათში მერმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ არცერთი შენობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, დასრულებული არ იყო, შესაბამისად, არასწორია ბრალდება მერიის მიმართ, რომ უწყებამ ადამიანები ღია ცის ქვეშ, უსახლკაროდ დატოვა. 

თბილისის მერმა დღევანდელ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აფრიკის დასახლებაში შენობა-ნაგებობების დემონტაჟი კანონიერი იყო.  

კალაძე ამტკიცებს, რომ აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლებს სხვა ბინებიც აქვთ.

სახლების ნგრევისას დაკავებული 12 მოქალაქიდან ამ დროისთვის 11 თავისუფალია, ერთი კი პატიმრობაში რჩება.  სასამართლო პროცესები დღეს, 16 დეკემბერს გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი