აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო კარანტინში გადავიდა მას შემდეგ, რაც კოვიდინფიცირებულთან მისი კონტაქტი დადასტურდა.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, თავად პომპეოს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა და მისი პასუხი უარყოფითია, თუმცა, კორონავირუსის პროტოკოლის შესაბამისად, პომპეო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, კარანტინში იქნება.
ჯერჯერობით უცნობია, რა შეხება ჰქონდა პომპეოს კოვიდინფიცირებულთან. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია.
შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეო თბილისში ვიზიტით 17-18 ნოემბერს იმყოფებოდა. ის პრეზიდენტს, პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პატრიარქსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. პომპეომ შეხვედრა არ გამართა ოპოზიციასთან, თუმცა ამისთვის საქართველოში მისი თანაშემწე ფილიპ რიკერი დატოვა, რომელიც არჩევნების თემაზე ჯერ არასამთავრობოებს, შემდეგ კი ოპოზიციის ლიდერებს ესაუბრა.