რა მტკიცებულებები დარჩება არსებითი განხილვის ეტაპზე, ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეში დღეს გახდება ცნობილი.
წინასასამართლო სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეები მათ მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს წარადგენენ, მათ შორის უნდა დადგინდეს იმ მოწმეთა სია, რომელსაც სასამართლო არსებითი განხილვის ეტაპზე გამოკითხავს.
გირაოს საფუძველზე გათავისუფლებული ბრალდებულები "ოცნებასთან" დაახლოებული პირების გამოკითხვას ითხოვენ.
"ბრალდების მხარე ითხოვს, რომ დასაკითხ სიიდან ამოირიცხონ "ქართული ოცნების" სპიკერები, ვინც პირდაპირ შეკვეთა მისცა, დაეჭირათ ხუსკივაძე და კობალაძე. ასევე ითხოვენ, რომ ის მასალები, რომელიც ასახავს პირდაპირ პოლიტიკურ თავდასხმებს ამ ადამიანებზე, რომელიც პირდაპირ ადასტურებს, რომ პოლიტიკურ პროპაგანდისტულ დევნას ჰქონდა მათ წინააღმდეგ ადგილი, რომ ეს მასალები არ იქნეს სასამართლო სხდომაზე დაშვებული. ჩვენ კი, ვითხოვთ, რომ ამორიცხულ იქნეს ჩხრეკის ოქმი, რომელიც კანონდარღვევით იქნა ჩატარებული", - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.
"საერთოდ ვინ არის ბრალდების მოწმე, როდესაც რეალურად ბრალდება შედგება ერთი ფარატინა ფურცლისგან, სადაც ზაალ ზაალიშვილი იძახის, რომ გარდაცვლილმა რაღაც უთხრა", - ამბობს აკაკი კობალაძე
შეგახსენებთ, 10 დეკემბერს, ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომმდე ერთი დღით ადრე, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე 10 000-10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კობალაძე-ხუსკივაძის გათავისუფლება ბოიკოტის პირველი შედეგია.
ცნობისთვის, აკაკი ხუსკივაძემ და აკაკი კობალაძემ "დღის სტუმრის" ეთერში დეტალურად ისაუბრეს იმ გაყალბების სქემებზე, რომელიც ცესკო-ში მოქმედებს. ისინი "მთავარი არხის" ეთერში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჯერ გამოკითხვაზე დაიბარეს, დააკავეს და თედო გობეჯიშვილისთვის, ქრთამის შეთავაზება, ჯგუფურად ჩადენილი იძულება და მუქარა დააბრალეს.
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს.