ერთი საათია საქალაქო სასამართლო, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე, წინა სასამართლო სხდომას მართავს. პროცესი, მტკიცებულებების დასაშვებობის შესახებ მსჯელობით განახლდა.
თედო გობეჯიშვილის ბავშვობის მეგობრები, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე, რომლებიც გამოძიებამ ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, "ქართული ოცნების" დეპუტატების დაკითხვას მოითხოვენ. გიორგი ხელაშვილმა და ბექა დავითულიანმა, კობალაძე და ხუსკივაძე, მეგობრის გარდაცვალებაში ღიად დაადანაშაულეს მაშინ, როცა გამოძიებას ჯერ არც ერთი მათგანი დაკავებულიც არ ჰყავდა.
"ოცნების მარალი თანამდებობის პირების დაკითხვა მოხდეს, თუ საიდან იცოდნენ პოლიციაზე ადრე და ყველა სამართალდამცავ ორგანოებზე ადრე, თუ ჩვენ ჩავიდინეთ, თუ არა დანაშაული, ხელაშვილის მიმართ კონკრეტულად. ის ბევრად ადრე გამოვიდა ტელევიზიით და დაანონსა აღნიშნული, ვიდრე ჩვენ საერთოდ, პირადად მე, პოლიციის ეზოში შევდგამდი ფეხს და აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, ან რაღაც წინასწარმეტყველური ნიჭით არიან დაჯილოებული, ან უფრო მეტად ეს არის პოლიტიკური დაკვეთა", - ამბობს აკაკი ხუსკივაძე
"საინტერესო არის ტელეკომპანია იმედის, იმ პირის დაკითხვა, რომელმაც მოამზადა სიუჟეტი, თუ როგორ მოგვისაჯა მოსამართლე, არსენ კალატოზიშვილმა პატიმრობა 9-ის ერთ წუთზე, როცა რეალურად 10 საათზე მოხდა ეს მოსჯა. გვაინტერესებს, ვინ მოამზადა ეს სიუჟეტები, ვინ აძლევდა მათ ამ ცნობებს", - ამბობს აკაკი კობალაძე
შეგახსენებთ, 10 დეკემბერს, ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომმდე ერთი დღით ადრე, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე 10 000-10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კობალაძე-ხუსკივაძის გათავისუფლება ბოიკოტის პირველი შედეგია.
ცნობისთვის, აკაკი ხუსკივაძემ და აკაკი კობალაძემ "დღის სტუმრის" ეთერში დეტალურად ისაუბრეს იმ გაყალბების სქემებზე, რომელიც ცესკო-ში მოქმედებს. ისინი "მთავარი არხის" ეთერში გაკეთებული განცხადებების შემდეგ ჯერ გამოკითხვაზე დაიბარეს, დააკავეს და თედო გობეჯიშვილისთვის, ქრთამის შეთავაზება, ჯგუფურად ჩადენილი იძულება და მუქარა დააბრალეს.
ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე, თედო გობეჯიშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 7 ნოემბრის დილას ნახეს.