თბილისის მერმა, კახი კალაძემ, რუსთაველის გამზირზე მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება კორონავირუსისთვის ომის გამოცხადებით დაიწყო და თბილისი "სოლიდარობის ქალაქად" გამოაცხადა.
"ცხოვრებაში პირველად და, იმედი მაქვს, ერთადერთხელ, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ომის გამოცხადებით უნდა დავიწყო. არ მოგესმათ, ჩვენ ყველამ ერთად ომი უნდა გამოვუცხადოთ პანდემიას და ამ საზიზღარ ვირუსს, რომ იცოდეს, არ გვეშინია და არასდროს დავნებდებით. ეს საახალწლო განათებები, ნაძვის ხის ანთების რიტუალი არის არა მარტო ზეიმის, ახალი წლის, ახალი იმედების ტრადიციული აღნიშვნა, არამედ, გამოწვევა - არშეგუება იმ რეალობასთან, რაც ამ ვირუსმა მოგვიწყო. ჩვენ წელს ვაცხადებთ სოლიდარობის ქალაქად თბილისს, ვინაიდან მხოლოდ ერთმანეთის გვერდში დგომა, დახმარება, ნუგეშისცემა გადაგვალახინებს იმ დაბრკოლებებს და სტრესს, რაც პანდემიის დროს გვაქვს ქვეყანაში" - თქვა მერმა.
შეგახსენებთ, რომ ეპიდემიოლოგიური მიზეზით, წელს საახალწლო სოფელი არ მოეწყობა, საახალწლო კონცერტები კი 31 დეკემბერს, 6 იანვარს და 14 იანვარს გაიმართება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.