
აშშ-ს მისია ეუთოში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 52-ე რაუნდს ეხმაურება და რუსეთს საქართველოში ძალის გამოუყენებლობის შესახებ საკუთარი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ვალდებულება საქართველოში ძალის გამოუყენებლობის შესახებ, მხარი დაუჭიროს გაძლიერებულ საერთაშორისო უსაფრთხოების ზომებს ადგილზე და გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ”დამოუკიდებელ ქვეყნებად” აღიარება", - წერია განცხადებაში.
ამასთან, აშშ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმებული "სოციალურ-ეკონომიკური პროგრამის" გამო.
"შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას შორის გაფორმებული ახალ ”სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამასთან" დაკავშირებით, განსაკუთრებით კი, იმ ზომებთან მიმართებით, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის ეკონომიკურ ექსპლუატაციას და ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთის მმართველობით სტრუქტურებში მოქცევას", - წერია განცხადებაში.
ასევე, აშშ განცხადებაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული დერეფნების გახსნასაც შეეხო.
"მოლაპარაკებების დროს, შეერთებულმა შტატებმა ყურადღება მიაქცია ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის საკითხს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, რამაც შესაძლებელი გახადა მედიკამენტების მიწოდება და სამედიცინო მკურნალობა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თემებში. შეერთებულმა შტატებმა სინანული გამოთქვა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა არ დამყარდა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, რაც მეტ სიცოცხლეს გადაარჩენდა. შეერთებულმა შტატებმა იმედგაცრუება გამოთქვა, რომ ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ აღიმართა ღობეები და სხვა ბარიერები, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა. ასევე, გამოვთქვამთ იმედგაცრუებას დე ფაქტო ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების გამო", - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის რეალიზაციის შემთხვევაში, 3 წელიწადში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიები იურიდიულადაც რუსეთის შემადგენლობაში გადავა.