კორონავირუსის ახალი სახეობა, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო გადამდებია, სამხრეთ აფრიკაშიც აღმოაჩინეს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანაში შემთხვევების ზრდა სწორედ ვირუსის ახალმა ვარიანტმა გამოიწვია.
სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების შეფასებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი მწვავე სიმპტომატიკით ისეთ ახალგაზრდებშიც მიმდინარეობს, რომელთაც თანმხლები დაავადებები არ აქვთ.
ცნობისთვის, ამ ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი 900 000-ზე მეტ მოქალაქეს დაუდასტურდა და გარდაიცვალა 24 000-ზე მეტი პაციენტი.
აქვე შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ახალი და სწრაფად გავრცელებადი ვარიანტი ინგლისშიც აღმოაჩინეს.
კორონავირუსის შესაძლო მუტაციებზე ლაპარაკი ჯერ კიდევ თვეების წინ დაიწყო.
აშშ-ში მოღვაწე ქართველმა მოლეკულურმა ბიოლოგმა, ცოტნე ჯავახიშვილმაც დაწერა, რომ ვირუსი გაზრდის მუტაციების სიხშირეს; საჭირო იქნება ახალი ვაქცინების შემუშავება, როგორც ეს გრიპის ვაქცინას სჭირდება.