ექსპერტები ფიქრობენ, რომ კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და უფრო გადამდები ხდება - მათი აზრით, ეს ვირუსის პასუხია დამკვიდრებულ ნორმებზე და COVID-19 ცდილობს, რომ შეებრძოლოს პირბადეს, სოციალურ დისტანციას და შეაღწიოს ადამიანთა ორგანიზმში.
მეცნიერებმა ვირუსის ახალი თვისებები აშშ-ში, ტეხასის შტატში დადასტურებულ შემთხვევებზე დაკვირვებით შეისწავლეს და შედეგები "The Washington Post"-ში გამოაქვეყნეს.
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის წევრი, დევიდ მოურენსი ამბობს, რომ ვირუსი ამჟამად უფრო მომაკვდინებელი არ არის, ვიდრე ის თავდაპირველად იყო. მიუხედავად ამისა, ის ადაპტირდა გარემოსთან, წესებთან, რომლითაც ადამიანებმა დაიწყეს ცხოვრება და მეტი უნარი აქვს, რომ ორგანიზმში მოხვდეს.
"ნიღბის ტარება, ხელების ხშირი ბანვა, სოციალური დისტანცია - ეს ყველაფერი თავდაპირველად ბარიერი იყო კორონავირუსისთვის, თუმცა ის ნელ-ნელა ჩვენ მიერ დაწესებულ ნორმებსაც უმკლავდება და მეტად გადამდები ხდება, - ამბობს მოურენსი.
ცნობისთვის, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მატულობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო კვირაში COVID-19-ით ინფიცირებულთა სტატისტიკა იმაზე უფრო საგანგაშოა, ვიდრე მარტში, პიკის დროს იყო.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 32 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა თითქმის 25 მილიონი ადამიანი, ხოლო დაიღუპა 900 000-ზე მეტი.