რჯული ქართულად სამართალსაც ნიშნავდა. ურჯულო კი სამართლის მიღმა მცხოვრებს. ბოლო ასი წელია, ჩვენ ურჯულოდ ვცხოვრობთ. მართალია ბოლო 30 წლის განმავლობაში სუვერენიტეტი დავიბრუნეთ, აღარც რელიგიურ რიტუალში მონაწილეობის გამო გაგრიცხავენ პარტიიდან, მაგრამ უსამართლობას, ანუ ურჯულობას ვერაფერი მოვუხერხეთ. უზენაესი სასამართლოს შენობის კედლებში სამართალი ჯერაც ვერ დამკვიდრდა. სამართალი ჩვენში ჯერაც შურისძიებას ნიშნავს და ამ სიუჟეტის გმირებმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადეს.
გიგი უგულავას უკვე უჭირს ზუსტად გაიხსენოს რამდენ რამეს ედავება ხელისუფლება, თუმცა მისი ბოლო საქმის მიხედვით, ძიუდოში ჩემპიონის ტიტულის მქონე მოჭიდავე გალახა. როდესაც უსამართლობა იმდენად ცხადია, რომ აბსურდში გადადის, ერთადერთ რეაქციად სიცილი გრჩება.
ნიკა გვარამიასთვის ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც რუსთავი2-ის დირექტორობას დათანხმდა. ამ გადაწყვეტილების მძიმე შედეგი კი, მასთან ერთად მის ოჯახს დაატყდა თავს.
ნიკა მელიასთვის ყველაფერი პოლიტიკაში ჩართვის საბედისწერო გადაწყვეტილებით დაიწყო. მისი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ის ხელისუფლებაში არასოდეს ყოფილა და სანამ სახელისუფლება ებარა, არც არჩევნებში მიუცია ხმა იმ პარტიისთვის, რომლის წევრიც დღეს არის. მისი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც "ოცნების" ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დამეგობრებაზე უარი თქვა.
ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლად ყოფნის დიდი გამოცდილება აქვს. ის ყველა ხელისუფლების დასაჭერთა სიაში იყო, თუმცა, ყველაზე ხანგრძლივად ციხეში ყოფნა მაინც ამ ხელისუფლების პირობებში მოუწია.
საბოლოოდ, კი ურჯულოდ ცხოვრების მძიმე შედეგები პოლიტიკოსებთან არასოდეს ჩერდება. ადრე თუ გვიან ჯალათები აუცილებლად აკაკუნებენ შენ კარზე და ამ დროს აღარავინაა ვინც შენს დაცვას შეეცდება. ურჯულოდ ცხოვრება, მხოლოდ ერთი კითხვისთვის ტოვებს ადგილს _ ვინ იქნება შემდეგი? და ამ კითხვაზე პასუხიც ცნობილია _ შემდეგი ხარ შენ!
ავტორი: ტორესა მოსი