ჩილეს პრეზიდენტი, სებასტიან პინიერა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას პირბადის გარეშე გამოჩენის გამო დააჯარიმეს.
3 500 დოლარის ოდენობის ჯარიმა პრეზიდენტს მას შემდეგ დააკისრეს, რაც მან სანაპიროზე, მოქალაქესთან ერთად ფოტო ნიღბის გარეშე გადაიღო. პინიერამ მომხდარის გამო მოიბოდიშა და თქვა, რომ სახლთან ახლოს მარტო სეირნობდა, როდესაც გამვლელმა ქალმა მას ფოტოს გადაღება სთხოვა. მან დარღვევის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს თავად შეატყობინა.
ამჟამად ჩილეში ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით მკაცრი წესები მოქმედებს, რომელთა დარღვევის გამო მოქალაქეებს ჯარიმა და პატიმრობაც კი ემუქრებათ.
პირველი დადასტურებული შემთხვევიდან დღემდე ჩილეში კორონავირუსით 581 135 ადამიანი დაინფიცირდა, 16 051 პაციენტი კი გარდაიცვალა.