აფრიკის დასახლებაში მაცხოვრებლები ისევ ნგრევის მოლოდინში არიან. დანგრეული 20-მდე სახლის შემდეგ, კახა კალაძის უწყებამ სოციალურად დაუცველებს სახლის დემონტაჟისთვის 4 დღე მისცა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დევნილთა სააგენტომ აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ ჩანგელიების ოდევნილ 5-სულიან ოჯახს, ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსში, სამოთახიანი ბინა გადასცა, თუმცა, როგორც ჩანგელიები ამბობენ, სახლი ჯერ ექსპლუატაციაში ჩაშვებული არ არის.
"საბუთებს აფრიალებენ და მე კიდევ რეალობას ვიძახი. პროცესი მიმდინარეობს. ბოლომდე გაზი არ არის შეყვანილი მაგ ბინაში, წყალიც არ არის მგონი და ხალხიც არ ცხოვრობს. ჯერ ერთი, უნდა ჩავიდე, როგორ ჩავიდე. საბუთები უნდა მოვაწესრიგო, გასაღები უნდა გადმომცენ. საწყალი ბავშვია, ხედავთ, რომ ინვალიდია. მეც ცალი თვალით ვერ ვხედავ, ასეთი გაჭირვებული ხალხი ვართ და რაც დავხარჯეთ, ნახევარი მაინც ამინაზღაურონ, მეტი არაფერი არ მინდა, დავშლი ამ სახლს. იმდენი გადავიტანე, ნეტა დამეშალა დროზე და ქუჩაში ვყოფილიყავი, იმდენ ტალახს ისვრის ეს ხალხი",- ამბობს ჩანგელიების ოჯახის წევრი.
უფლებადამცველები კახი კალაძეს მოუწოდებენ, არ დაანგრიონ მათი ერთადერთი საცხოვრებელი სახლი მანამ, სანამ ახალი ბინა დასრულებული არ იქნება.
"ამ ოჯახს ამ წუთში ბინა არ აქვს. ბინის გადაცემის პროცესი დაწყებულია, მაგრამ დასრულებული არ არის. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს სახლი არ დაინგრეს მანამ, სანამ გასაღები არ გადაიცემა და არ აუნაზღაურდება ის სესხი, რითიც ააშენა ეს სახლი", - ამბობს უფლებადამცველი ანა არგანაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.