კობახიძის ბრალდებას, რომ ოპოზიცია რუსეთთან და გავრილოვთნ ერთად მოქმედებდა, ის სამოქალაქო აქტივისტები ეხმაურებიან, რომლებიც "გავრილოვის ღამეს" პარლამენტთან იყვნენ.
"ირაკლი კობახიძის ბოდვა უკავშირდება იმას, რომ მაქსიმალურად გადაიტანოს აქცენტები ოპოზიციაზე. რუსეთთან დამთბარი ურთიერთობები აქვთ, გავრილოვი დაგვასვეს თავზე, იქ ვიყავი 20 ივნისს, მათ, ვინც, მოგვწამლა, ტყვია გვესროლა და იქ მართლა თავგანწირვით ვიბრძოდით. კიდევ ერთხელ თითოეული თავისუფალი მოქალაქის ღირსებას ჩააფურთხა ამ ადამიანმა " , – ამბობს "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"–ის წევრი, გიორგი მუმლაძე.
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ გავრილოვის ჩამოსვლის დროს ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, შესაბამისად ოპოზიციის მიმართ მისი ბრალდება უსაფუძვლოა: "პარლამენტის თავმჯდომარეც ძალიან ცუდი იყო, ისევე როგორც სპიკერია ძალიან ცუდი და "გამპრავებელია" ძალიან ცუდი" – ამბობს გიგა მაქარაშვილი.
"ტრიბუნას" წევრი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ კობახიძემ ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა და ახალი მეცნიერება – "ანტილოგიკა" შემოიღო.
შეგახსენებთ, კობახიძე ამბობს, რომ გავრილოვის ღამე ოპოზიციის და რუსეთის სინქრონული მოქმედების შედეგია.
ოპოზიცია კობახიძის განცხადებას, მორიგ დაბრეხვებულ სისულელეს უწოდებს.
ენმ–ს ლიდერი, სალომე სამადაშვილი, ამბობს, რომ კობახიძე შესაძლოა ცდილობდეს, ოპოზიციის მიმართ სამართლებრივი დევნის განახლებას, რადგან "გავრილოვის ღამეზე" სამართლებრივი საქმისწარმოება ჯერ არ შეწყვეტილა.
"კობახიძემ და ბიძინა ივანიშვილმა დაასახიჩრა ახალგაზრდები, კობახიძე, საქართველოს ისტორიაში შევა თავისი უსინდისობით და გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ჩასმით, ვერ მოახერხებს ამ ბინძური და სასაცილო მეთოდით ოპოზიციის დისკრედიტირებას" – ამბობს "ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის" წევრი ანზორ ბიწაძე
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე კობახიძის ბრალდების იმ არგუმენტს პასუხობს, რომლის თანახმადაც ოპოზიციას გავრილოვის ტრანსფარანტები წინასწარ ჰქონდა მზად. "ჩვენ პუტინის ტრანსფარანტებიც წინასწარ გამზადებული გვაქვს, ამის დამზადებას არაფერი დრო არ სჭირდება" – ამბობს შალვა ნათელაშვილი.
ოპოზიცია ელოდება, რომ კობახიძემ დაასახელოს სტამბა, სადაც მისი თქმით, გავრილოვის ღამისთვის ტრანსპარანტები, გავრილოვის ჩამოყვანამდე 10 დღით ადრე დაიბეჭდა.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კობახიძის მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბებულ პოზიციას მათი განმარტება არ ჭირდება.
2019 წელს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატს, სერგეი გავრილოვს გაუწია ექსკურსიამძღოლობა და ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზეც დასვა, რასაც მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი მოჰყვა.
ე.წ "გავრილოვის ღამეს", 20 ივნისს, 202 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტები, ადამიანებს ესროდნენ რეზინის ტყვიებს , ახალგაზრდებმა დაკარგეს თვალიც.
გადააყენეს მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარეც - ირაკლი კობახიძე.