ევროპაში განგაშის ახალი ზარი ისმის. ქვეყნები სასწრაფოდ წყვეტენ მიმოსვლას დიდ ბრიტანეთთან, თავად ნისლიან ალბიონზე კი შეზღუდვების ახალ, უმაღლეს დონეს აცხადებენ. 

პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი მოსახლეობას ბოდიშს უხდის - წელს საშობაოდ საყიდლებზე ვერავინ გავა, რადგან მაღაზიები დაკეტილი იქნება.

ასეთი მკაცრი ზომების მიზეზი კორონავირუსის ახალი სახეობაა, რომელიც ლონდონში ჯერ კიდევ სექტემბერში დაფიქსირდა და წინამორბედ ვერსიაზე 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება.

ახალი ვირუსის ბუნება ბოლომდე ჯერ ცნობილი არ არის. ამას დამატებითი ლაბორატორიული კვლევები სჭირდება. მანამდე კი, უბრალოდ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და სწორედ ამ პრინციპს უკავშირდება ევროპაში შეზღუდვების გამკაცრება.

ვარაუდობენ, რომ ახალი ვარიანტი დიდ ბრიტანეთში გაჩნდა, ან იმპორტირებული იქნა უფრო დაბალი განვითარების ქვეყნიდან, სადაც მუტაციების მონიტორინგი შეუძლებელია. 

დღესდღეობით ცნობილია, რომ ნისლიანი ალბიონის გარდა, ის გვხვდება ნიდერლანდებში, დანიაში, ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში.

ვირუსმა, რომელიც ჩინეთის ქალაქ უჰანში პირველად აღმოაჩინეს, დღემდე ორჯერ განიცადა მუტაცია. პირველად ეს თებერვალში ევროპაში მოხდა და ამ ვირუსის გლობალურად დომინანტ სახეობად იქცა. მეორე მუტაცია კი ზაფხულში დაფიქსირდა და სპეციალისტებმა ის ესპანეთში, ხალხმრავალ გატარებულ საზაფხულო არდადეგებთან დააკავშირეს.

ამ ეტაპზე სპეციალისტები თითქმის დარწმუნებულები არიან, რომ ვაქცინა ეფექტური იქნება. მიუხედავად ამისა, როგორც კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი რავი გუპტა მიიჩნევს, შესაძლოა მომავალში პრობლემები გაჩნდეს.

ჯერჯერობით არ არსებობს აშკარა მტკიცებულებები, რომ ახალი ვერსია წინამორბედზე უფრო სახიფათოა. მიუხედავად ამისა, მხოლოდ გავრცელების სისწრაფეც საკმარისია, რომ საავადმყოფოებს პრობლემები შეექმნათ. 

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი