ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" გაძარცვისა და თანხის წაღების შემდეგ თვეზე მეტია სამართალდამცავები ბადრი ესებუას ეძებენ.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, გუშინ, 21 დეკემბერს სამართალდამცავებს ის, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ გაექცათ. მოსახლეობამ სოფელ ყულიშკარში კომენდანტის საათის დროს ინტენსიური სროლის ხმა გაიგო, სამართალდამცავებს კი ადგილზე გზიდან გადავარდნილი მანქანა დახვდათ. ავტომობილის, სავარაუდოდ, ეტყობა ნატყვიარი და ნომერბი მოხსნილი აქვს.
ჩვენივე ინფორმაციით, გადავარდნილი მანქანა შალვა გულუას ეკუთვნის, ის დისტრიბუტორად მუშაობდა და ღამით გადაადგილების უფლება ჰქონდა. ფაქტს ადასტურებს გულუას ოჯახიც, თუმცა მათ არაფერი იციან იმის შესახებ, ეხმარებოდა თუ არა გულუა ესებუას ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლაში, ან მიჰქონდა, თუ არა მასთან საკვები. ოჯახი ამბობს, რომ შალვა გულუა სახლში მეორე დღეა არ მისულა და არ იციან მისი ადგილსამყოფელი.
"მთავარი არხთან" საუბრისას, პოლიციის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის ჩატარება კატეგორიულად უარყვეს და თქვეს, რომ ბადრი ესებუას გაქცევის შესახებ არაფერი იციან და ადგილზე ავტოსაგზაო შემთხვევის გამოსაძიებლად მივიდნენ.
"რა შუაშია ესებუა, ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტია მომხდარი და შესაბამისად, მე სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. დაკავებასთან და ესებუასთან დაკავშირებით, ამ ფაქტს კავშირი არ აქვს", - თქვა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი ფაცაციამ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას თვეზე მეტია ეძებს. თავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტმობერს მოხდა. შეარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.
ცოტა ხნის წინ,12 დეკემბერს პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების უკანონო ტარებისთვის დააკავეს. შსს-ს მტკიცებას, რომ ის ძმას, უნდა შეხვედროდა, რასაც ოჯახი უარყოფს.
ბიძინა ესებუას სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.