პოლიტიკური სიბრიყვე და უცოდინრობა - ასე აფასებენ ოპოზიციაში "ქართული ოცნების" განმარტებას - რატომ უწყვეტენ დაფინანსებას ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს.
თეა წულუკიანმა და სოზარ სუბარმა დღეს თქვეს, რომ ოპოზიცია რევოლუციისთვის ემზადება და დაფინანსების შეწყვეტის მიზეზიც ეს არის.
მათი საუბარი ემსახურება რაღაცა თავის მართლებას, თუნდაც საერთაშორისო საზოგადოებასთან. შეგვიწყვეტენ თუ არა დაფინანსებას, არ ვაპირებთ შევასრულოთ ის, რაც უნდა ქართულ ოცნებას - ამბობს ენმ-ს წევრი, გიორგი ბოტკოველი.
სიბრიყვისა და უცოდინრობის მაგალითია, როცა ერთმანეთში აყენებ ვადამდელი არჩევნების ჩატარებასა და რევოლუციას - ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია
ეს არის დემოკრატიის მოკვლა იმიტომ, რომ აქ არ არის საპარლამენტო დაფინანსებაზე საუაბრი. პარტიის დაფინანსება ეს არის თითოეული ამომრჩევლის მიერ გადახდილი თანხა - ამბობს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
პარტიების დაფინანსების შეწყვეტისთვის, არგუმენტად რევოლუციური სცენარის მოყვანა მიუღებელი და ნაკლებად დასაჯერებელია მესამე სექტორისთვის. მათივე თქმით, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არც დემოკრატიის ჩარჩოებში ჯდება
ეს პრაქტიკულად იმას ამბობს, რომ დიახ, პირიქით, რევოლუციებს აფინანსებენ. თუ ლეგალური ფულის საშუალება არ ექნება პოლიტიკურ პარტიას, ამ პარტიებმა სადღაც ფული უნდა იშოვონ და ეს უფრო ზრდის იმს ალბათობას, რომ რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ არალეგალური ფულით დაიწყოს საქმიანობა" - ამბობს საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე
კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.
პარტიებს, რომლებმაც მანდატებზე უარი თქვეს, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ - ეს განცხადება "ოცნების" სპიკერმა ირაკლი კობახიძემ 17 დეკემბერს გააკეთა.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი