
დღეს, 23 დეკემებრს, დილით, თვალჭრელიძის ქუჩაზე თბილისის მერიამ უკანონო ნაგებობებს ნგრევა განაახლა. პირველ კადრებს ადგილიდან "რადიო თავისუფლება"ავრცელებს. ადგილობრივები ყვებიან, რომ მუნიციპალური ინსპექცია პოლიციასთან ერთად იქ დილის 7 საათზე სპეცტექნიკით შევიდა და უკანონო მშენებლობების დემონტაჟი დაიწყო.
საუბარია 7 ნაგებობაზე, რომელიც თბილისის მუნიციპალური ინპექციის შეფასებით უკანონოა. ადგილობრივები ამბობენ რომ ისინი ღია ცის ქვეშ რჩებიან და მათ სხვა საცხოვრებელი არ აქვთ. სახლების დემონტაჟზე ინსპექციამ მოსახლეობას 4 დღე მისცა.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
15 დეკემებრს ე.წ. აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკის გამოყენებით 12 მშენებარე სახლი დაანგრიეს.