სამგორში, თვალჭრელიძის ქუჩაზე სპეციალური ტექნიკა დაახლოებით, დილის 7 საათზე გამოჩნდა. ადგილზე ტექნიკამ 7 უკანონო ნაგებობა დაანგრია, მათგან 5 აუშენებელი იყო, 2 კი თითქმის დასრულებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ წინასაარჩევნოდ მიიღეს დაპირება, რომ "ქართული ოცნებისთვის" ხმის მიცემის შემთხვევაში მათ სახლებს გადაუფორმებდნენ.
"არ ვეტეოდით და ავაშენეთ აქ, რამდენი წელია, 2017 წლიდან გვაქვს ეს ნაკვეთი, გვერდით გაფორმდა, საბუთები შეტანილი გვქონდა, ყველაფერი და უარი. გამოუყრიათ მძინარე ბავშვები და აი თქვენც ხედავთ რაშია სახლი", - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.
ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულები არიან პოლიციისა და მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები. ადგილობრივები ელოდებიან პასუხს, სად შეძლება ზამთრის სიცივეში ღამე გაათენონ.
"ერთი ეთქვათ ვიღაცას, რომ არ გააკეთოთ, თორემ ესე გიზამთ, რო ეთქვათ, გიჟები კი არ ვართ ბოლოს და ბოლოს", - ამბობს ადგილზე მცხოვრები.
მერიამ თვალჭრელიძის ქუჩაზე ნგრევა დღეს, 23 დეკემბერს, დილის 7 საათზე განაახლა. საუბარია 7 ნაგებობაზე, რომელიც თბილისის მუნიციპალური ინპექციის შეფასებით უკანონოა. სახლების დემონტაჟზე ინსპექციამ მოსახლეობას 4 დღე მისცა.
შეგახსენებთ, რომ 15 დეკემბერს, მერიის ინსპექტირების სამსახურმა აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკა შეიყვანა, რომლის საშუალებითაც უკანონო მშენებლობები დაანგრია. პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის ორსული ქალი, რომელიც სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.
15 დეკემებრს ე.წ. აფრიკის დასახლებაში სპეცტექნიკის გამოყენებით 12 მშენებარე სახლი დაანგრიეს