შეშფოთებებზე მერე ვილაპარაკოთ – "ოცნება" ევროპის სახალხო პარტიის მოწოდებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" აპირებს, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტისა და რეგისტრაციიდან მოხსნის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გადააგზავნოს. დღეს "ოცნების" სწორედ ამ საკანომდებლო ინიციატივას გამოეხმაურა ევროპის სახალხო პარტია (EPP) და მმართველ პარტიას მოუწოდა ოპონენტების შეზღუდვის ნაცვლად, დაუბრუნდეს დიალოგს და იპოვოს გამოსავალი.

"ოცნებაში" ამბობენ, რომ მათი ინიცირებული კანონპროექტი დემოკრატიულია და ვენეციის კომისიის დასვკნას ელოდებიან.

"ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება და ჩვენი გუნდი მოქმედებს ევროპული დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ იყო ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვენეციის კომისიამ გააკეთოს ამაზე საკუთარი დასკვნა" – ამბობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე 

"ჩვენ გავაკეთეთ ძალიან ცხადად განცხადება დღეს პარლამენტის სხდომაზე, ეს არის ინიციატივა, რომელზედაც კონსტულტაციების გავივლით საერთაშორისო პარტნიორებთანაც და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ ფაქტი არის ერთი, საჭიროა სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება რაც ქვეყანას დაიცავს მსგავსი მდგომარეობისგან" – ამბობს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი

ოცნების წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილი EPP–ს განცხადებაზე კომენტარს თავს არიდებს: "შეშფოთებებზე მერე ვილაპარაკოთ" – ასე ემხაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე EPP–სთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს.

ოპოზიციაში EPP–ს განცხადებას აფასებენ და ამბობენ, რომ დასავლელი პარტნიორები, მათ შორის ვენეციის კომისია, "ოცნებას" უფლებას არ მისცემს ოპოზიციურ პარტიებს რეგისტრაცია გაუუქმოს. 

"ჩვენი დასავლელი პარტნიორები შეშფოთებულები არიან, ქართული ოცნების იმ მისწრაფებასთან დაკავშირებით, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია ქვეყანაში რეგისტრაციიდან მოხსნას. ისინი ამას ვერ მიაღწევენ, რადგან ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვერდში გვიდგანან და ამის უფლებას არ მისცემს არც ვენეციის კომისია და არც სხვა საერთაშორისო აქტორები. ნაციონალური მოძრაობა ვერ გაუქმდება ოცნებამ რაც არ უნდა კანონები გადაწეროს" – აბობს ენმ–ს წევრი პეტრე ცისკარიშვილი

ევროპული საქართველოს წევრი გიგი წერეთელი ამბობს, რომ ოცნების კანონპროექტი ქვეყანას აზარალებს: "დაფინანსების შეწყვეტის და რეგისტრაციის გაუქმების კანონპროექტიც ძალიან ცუდად წარმოაჩენს საქართველოს" – ამბობს გიგი წერეთელი.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ნატო ჩხეიძე ამბობს, რომ ქართულ ოცნებას კანონპროექტების ინიცირებისას მწვავე საერთაშორისო რეაქციების მოლოდინი უნდა ჰქონოდა და ოპოზიციის მიმართ შანტაჟი არ უნდა მოეწყო.

"ლელოში" ამბობენ, რომ ევროპის სახალხო პარტია ევროპული პარლამენტის ყველაზე მსხვილი პარტიაა და ქართული დემოკრატიის ინტერესებს იცავს.

"სტრატეგია აღმაშენებელის" წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები საერთაშორისო თანამეგობრობებთან აქტიურად მუშაობენ და მათ საქმის კურსში აყენებენ.

ცნობისთვის, ევროპის სახალხო პარტია (EPP) ტვიტერით "ოცნების" მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს ეხმიანება, რომელიც პარტიების საარჩევნო რეგისტრაცისა და დაფინანსების შეჩერებას ეხება: ნაცვლად ოპოზიციის შეზღუდვისა, იპოვეთ გამოსავალი - EPP საქართველოს მმართველ გუნდს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი სამართლებრივი დასკვნის მოთხოვნით ვენეციის კომისიაში ან/და ეუთო/ოდირში გაიგზავნება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი