საპარლამენტო არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" - დოკუმენტში მოხვდა ფაქტები ძალადობის, საკუთრების დაზიანების და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენების შესახებაც.
ანგარიშში ასევე საუბარია, რომ ადამიანებს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებდნენ, საგამოძიებო უწყებები კი, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ იყო გამოყენებული. დოკუმენტში სხვა დარღვევებიც მოხვდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ვითარება წლიდან წლამდე სულ უფრო უარესდება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" შესაბამის უწყებებს მოუწოდებს არ დატოვოს რეაგირების გარეშე ეს ფაქტები.
მთავარი მიზეზი, რატომაც ეს ფაქტები ხდება, როგორც წესი ეს არის ის, რომ ერთი პარტია ფაქტობრივად ინსტიტუტს აკონტროლებს საქართველოში. ყველას, რომელიც ერთპიროვნულად მართავს ქვეყანას აქვს ცდუნება, რომ გამოიყენოს ყველანაირი რესურსი, რაც მათ ხელთ აქვთ და ეს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საარჩევნო გარემოს, კონკურენციას პოლიტიკურ პარტიებს შორის და საბოლოო ჯამში ეს ცუდად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე და მერე უკვე ამომრჩეველზეც", - თქვა "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" პროგრამის მენეჯერმა, ლევან ნატროშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 8 ნოემბერს, ხელისუფლებამ ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გაუშვა ისე, რომ დემონსტრანტები წინასწარ არ გააფრთხილა. აქციის მონაწილეები გაყალბეულ არჩევნებს აპროტესტებდნენ.