საპარლამენტო არჩევნების გაყალბების და ხმების პარალელური დათვლის სკანდალს ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) ხელმძღვანელის სავარძელი ეწირება. ელენე ნიჟარაძე არასამთავრობო ორგანიზაციის საბჭომ თანამდებობიდან გაუშვა.
მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ხმების პარალელური დათვლის ფორმულაში შეცდომა იყო, "ქართულმა ოცნებამ" ISFED და პირადად ელენე ნიჟარაძე ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განხორციელების ხელშეწყობაში დაადანაშაულა . თუმცა, "ქართული ოცნება" ამ დრომდე დუმს იმ ფაქტზე, რომ პარტიის ლიდერებმა შეცდომის გახმაურებამდე მისი არსებობის შესახებ უკვე იცოდნენ და ამას ოპოზიციასთან პოლიტიკურ ვაჭრობაში იყენებდნენ.
გაყალბებული არჩევნების გადაფარვის მიზნით, ბიძინა ივანიშვილის გუნდიდან ძველი და ახალი სახეები დღეს ერთმანეთის მიყოლებით ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანა გადატრიალებას გადაარჩინეს. ისინი ISFED-ს რევოლუციურ სცენარში თანამონაწილეობის ბრალდებას უყენებენ და ამბობენ, რომ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია ოპოზიციასთან ერთად მოქმედებდა და ხმების დათვლის ფორმულაში მონაცემები შეცდომით შეგნებულად შეიყვანა.
"სამართლიანი არჩევნების" ბორდი მიიჩნევს, რომ ხმების დათვლის ფორმულაში აღმოჩენილი ხარვეზი ადამიანური შეცდომა იყო, რაზეც პასუხისმგებლობა აღმასრულებელ დირექტორს, ელენე ნიჟარაძეს, დააკისრეს და თანამდებობიდან გაუშვეს.
ელენე ნიჟარაძეს ახლა რამდენიმე მთავარი კითხვა აქვს - საიდან ჰქონდა ინფორმაცია "ოცნებას" წინასწარ, რომ ხმების პარალელური გადათვლის ფორმულაში ხარვეზი დაფიქსირდა და შიდა აუდიტი მიმდინარეობდა? "სამართლიან არჩევნებში" ამ შეცდომის შესახებ მხოლოდ ორმა ადამიანმა - თვითონ ელენე ნიჟარაძემ და მისმა მოადგილემ, თამარ ბართაიამ, იცოდა.
ის, ვინც არასამთავრობოსთან ერთად, დღეს ოცნების შეტევის მთავარი ადრესატი იყო, ამბობდა, რომ 'სამართლიანი არჩევნების" შეცდომას ივანიშვილის გუნდი სათავისოდ და მესამე სექტორის დისკრედიტაციისთვის იყენებს. ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლება ცდილობს, მთავარი საკითხიდან - რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა - ყურადღება გადაიტანოს.
და მაინც, რა შეცდომა დაუშვა "სამართლიანმა არჩევნებმა"? ირკვევა ,რომ იმ პირებს, ვინც ხმების პარალელურ დათვლას ტექნიკურად ახორციელებდა, არ ჰქონდათ წერილობითი ინფორმაცია, რომ ოქმებიდან ბათილი ბიულეტენების მონაცემები არ უნდა დაეთვალათ. "სამართლიანი არჩევნების" გამგეობა ფიქრობს, რომ ეს ე.წ. PVT კოორდინატორსა და NDI-ის ვაშინგტონის ოფისის ექსპერტების თანაბარი პასუხისმგებლობაა, რომლებიც პარალელურ დათვლაში "სამართლიან არჩვენებს" ტექნიკურ დახმარებას უწევდნენ.
NDI-ის ვაშინგტონის ოფისის, IT დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში ირაკლი ნასყიდაშვილია. მან "მთავართან" მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ კითხვის ნიშნები, რაც ტექნიკურ დეპარტამენტთან არსებობდა, "სამართლიანი არჩვენების" გამგეობის დასკვნის შემდეგ აღარ არსებობს.
ხმების პარალელური დათვლის სპეციფიკაზე ვინც უფრო მეტი იცის, "სამართლიანი არჩევნებისგან" დამატებით განმარტებებს ჯერ კიდევ ორი კვირის წინ ითხოვდა. ზურაბ ჭიაბერაშვილი ე.წ. PVT დათვლის სხვა მთავარ პრობლემაზე აკეთებდა აქცენტს - ოქმები, სადაც დიდი დისბალანსი დაფიქსირდა, სამართლიან არჩევნებს პარალელური დათვლის მონაცემებში საერთოდ არ უნდა შეეტანა.
შეგახსენებთ "სამართლიანი არჩევნები" სკანდალში მას შემდეგ გაეხვა, რაც არჩევნების დასრულების შემდეგ 1 თვეში განაცხადა, რომ ალტერნატიული დათვლის ალგორითმში შიდა აუდიტმა ხარვეზი აღმოაჩინა და არჩევნებზე, პარტიების მიერ მიღებული მონაცემები შეცვალა.
"სამართლიანი არჩევნების" ჩასწორებული შედეგი, დაახლოებული იყო ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებთან.
შედეგების შესწროებამდე რამდენიმე დღით ადრე, გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციას მმართველმა გუნდმა უბნების გადათვლისა და შედეგების შესწორების მოთხოვნით მიმართა და შეხვედრაც შედგა.