თურქეთში შემსვლელებს ბოლო 72 საათის განმავლობაში გაცემული კოვიდუარყოფითი ცნობა მოეთხოვებათ

გამოქვეყნდა:

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოს საელჩო თურქეთში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 30 დეკემბრიდან უცხო ქვეყნებიდან თურქეთში შესვლის წესები იცვლება.

2020 წლის 28 დეკემბრიდან საჰაერო გზით, ხოლო 2020 წლის 30 დეკემბრიდან სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემოსვლისას, უცხო ქვეყნების მოქალაქეებმა უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა.

ის პირები, რომლებიც ვერ წარმოადგენენ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის ამსახველ ცნობას, დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას, მათ მიერ საზღვრის კვეთისას მითითებულ მისამართზე (სახლი, სასტუმრო და სხვ), ხოლო ის პირები, რომლებსაც არ ექნებათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, გადაყვანილ იქნებიან ჯანდაცვის რეგიონალური სამსახურების მიერ გამოყოფილ საკარანტინო სივრცეებში.

თვითიზოლაციის/კარანტინის ვადა დასრულებულად ჩაითვლება იზოლაციიდან მე-7 დღეს, PCR ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

იმ მოქალაქეებს, რომელთაც თვითიზოლაციიდან მე-7 დღეს, PCR ტესტის შედეგად დაუდასტურდებათ ვირუსი, ჩაუტარდებათ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ COVID-19 პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი მკურნალობა.

აღნიშნული რეგულაცია ძალაში იქნება 2021 წლის 1-ელ მარტამდე.

„ახალი რეგულაციების შესახებ, საელჩოს გვერდიდან გეცნობებათ ოპერატიულ რეჟიმში!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80; ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00; ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26“ ,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 218 724
  • გამოჯანმრთელებულია - 196 220 
  • გარდაცვლილია - 2 313
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 396
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 13 655, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით -  6 747, PCR ტესტით - 6 747;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 969

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 79 მილიონს გადააჭარბა - მათგან გამოჯანმრთელდა 56 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,7 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი