პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარ სახლში, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა. ოჯახისთვის კითხვები ამ დრომდე პასუხგაუცემელია. ისინი დღემდე ითხოვენ იმ ადამიანების დასჯას, რომლებმაც მათი შვილის სიცოცხლე იმსხვერპლეს.

შვილმოკლული მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული, ბინა შეეშალათ და სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც ამდენი ხნის მანძილზე მათი კითხვები ისევ პასუხგაუცემელი რჩება.

"სამი წლის განმავლობაში ყველაზე ბინძურ სახელმწიფო სტრუქტურას დავეჯახე, ისინი დამეჯახნენ და აქედან ბრძოლა დაიწყო სიმართლისათვის. ყველაფერი გააკეთეს, რომ მიეწებებინათ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ტერორისტის იარლიყი, 3 წლის განმავლობაში არ გავჩერებულვარ და არც გავჩერდები", - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოემხურა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი", რომელიც წერს, რომ ეროვნული სამართლებრივი სისტემის შიგნით თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის უმძიმეს და სასტიკ საქმეზე სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების მიზანი ვერ მიიღწა.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 25 იანვარს იმთავითვე არსებითი ხარვეზებით მიმდინარე გამოძიება საქართველოს პროკურატურამ შეწყვიტა და ეს მაშინ გააკეთა, როცა გენერალური პროკურორი მის პოზიციაზე ჯერ კიდევ არ იყო დანიშნული და ამასთან, გამოძიების მიერ პასუხგაუცემელი იყო ფუნდამენტური კითხვები და ეჭვები მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობასთან და მათ შორის არსებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით", - წერია EMC-ს განცხადებაში. 

ეროვნულ დონეზე სამართლაინი მართლმსაჯულების მიზნის მიღწევის შეუძლებლობის პირობებში, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მათი უფლებებისთვის ბრძოლას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აგრძელებენ. ოჯახის ინტერესებს სტრასბურგის სასამარათლოშიც EMC იცავს, ევროპის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრთან (EHRAC) ერთად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი