თელავის პროკურატურაში იმ დაპირისპირების თვითმხილველები იკითხებიან, რა დროსაც პოლიციის უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურა საჩიშვილი, ქუჩაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 გასროლით მოკლა.
უწყებაში ბიძინა ხატიაშვილი და დაპირისპირებისას დაჭრილი ლევან ბერძენაშვილი მივიდნენ.
თავის მხრივ, დაკავებული ზანდარაშვილის ოჯახი მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.
დაპირისპირების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, თუმცა პროკურატურის განცხადების მიხედვით, ოფიციალური ვერსია შურისძიებაა.
"ლაჩაშვილ დათოს ჰქონია დაბადების დღე... მეგობრობდნენ თურმე საჩიშვილთან", - ამბობს ერთერთი ადგილობრივი.
დაკავებული პოლიციელი ბრალის ოფიციალურად წარდგენის მოლოდინშია. მისი ადვოკატი, არჩილ ბერიანიძე, ამბობს, რომ დაცვის ქვეშ მყოფთან კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია და არც საქმის მასალებს გასცნობია.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ერთერთი ადგილობრივის, დავით ლაჩაშვილის, სახლში, დაბადების დღის წვეულების შემდეგ, წუხელ მოხდა.
საქმეზე პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც დასტურდება, რომ დაკავებული კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეა: "მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, განზრახ მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ".