"ევროპული საქართველოს" ერთერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ოპოზიციურ ერთიანობას ერთი ძალა - ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეების" ორი დეპუტატი - გამოაკლდა. დავით ბაქრაძის თქმით, ისინი ერთპარტიულ პარლამენტში შესვლას აპირებენ.
"ოპოზიციის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ გაყალბებული არჩევნები დაკანონებას არ მოახდენს, გამონაკლისი არის ორი ადამიანი - ბატონი ელისაშვილი და ბატონი იოსელიანი, რომლებიც დღეს უკვე აპირებენ ამ პარლამენტში შესვლას. გაზაფხულზე საქართველოს ეყოლება ერთპარტიული პარლამენტი, სადაც იქნება "ქართული ოცნების" 90 დეპუტატს + ალეკო ელისაშვილის ორი დეპუტატი", - ამბობს დავით ბაქრაძე.
დავით ბაქრაძის თქმით, ერთპარტიულ პალამენტში შესვლის გადაწყვეტილება მორალური და პოლიტიკური განადგურებაა.
"დღეს ერთპარტიულ პარლამენტში შესვლა ისეთი მორალური და პოლიტიკური განადგურებაა, რომ ელისაშვილიც მეცოდება ამისთვის, ამიტომ ვუსურვებდი, არ შესულიყო, მაგრამ როგორც ის დღეს იქცევა და რასაც ამბობს, როგორც ჩანს, შევა, მის გზაზე გაუმარჯოს. როცა ის შეხვდება მის ამომრჩეველს საბურთალოზე, რომელმაც ხმა მისცა იმიტომ, რომ ივანიშვილი და გაყალბებული არჩევნები არ უნდოდა, იმათ ჩახედოს თვალებში და აუხსნას, თორემ კობახიძეს და თალაკვაძეს რომ უყურებს თვალებში, ეს ვიცი", - ამბობს დავით ბაქრაძე.
შეგახსენებთ, რომ მანდატის დატოვებაზე და სიის განულებაზე ალეკო ელისაშვილის პარტია "მოქალაქეები" განაცხადს არ წერს. ისინი ჯერ მოლაპარაკებების დასრულებას ელოდებიან.