გელათის დაზიანებული სახურავიდან ტაძარში ჩასული წყალი ისტორიულ ფრესკებს და უძველეს მხატვრობას ანადგურებს. საქართველოს პარლამენტში კი, იმ ჩინოვნიკს უცხადებდნენ ნდობას, რომელიც გელათში ერთხელაც არ ჩასულა, თუმცა ბიძინა ივანიშვილის უნივერსიეტის გახსნაზე ქუთაისში ყველას უმასპინძლა. გაერთიანებული კომიტეტებს სხდომაზე, რომელსაც ერთპარტიული პარლამენტის 90 წევრიდან 17 ესწრებოდა, ყველაფრით დაინტერესდნენ, გარდა გელათისა. სამაგიეროდ, დარბაზში ისმოდა ხმა ბეთჰოვენზე.
მართალია, გელათით არავინ დაინტერესებულა, მაგრამ "ბევრი რამის" სამინისტროს დაშლით, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა. მალე მიხეილ ჩხენკელის უწყებას სახელწოდება ერთი სიტყვით დაუმოკლდება და კულტურის სამინისტროს ჩამოართმევენ.
"ჩვენ ხო ადამიანები ვართ, შეიძლება შეცდომა დაუშვა მაგრამ ის შეცდომა უნდა გამოასწორო", - თქვა გიორგი გახარიამ პასუხად ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ აპირებს მთავრობა კულტურის ცალკე სამინისტროს გამოყოფას, როცა უწყება განათლების სამინისტროს ორი წლის წინ შეუერთეს.
გიორგი გახარიამ, ამჯერად, აღიარებით დაიწყო და როგორც ახლადამტკიცებულმა პრემიერმა, გვაუწყა, ხელისუფლება შეცდომის გამოსწორებას უკვე შეუდგა.
"ჩვენი კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა არის შეუფასებელი და, შესაბამისად, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არის ცალკე სამინისტრო საჭირო იმისთვის, რომ როგორც კულტურის განვითარება მოხდეს, ასევე კულტურის კომერციალიზაცია მოხდეს, ამას სჭირდება ცალკე მიდგომა", - თქვა პრემიერმინისტრმა.
ახლა მთავარი კითხვაა, ვის უქმნიან სამინისტროს, თეა წულუკიანს თუ ელისო ბოლქვაძეს?
"თეა წულუკიანი, როგორც პრემიერმინისტრი, გეუბნებით, რომ თეა წულუკიანი მთავრობაში და კაბინეტში ნამდვილად დაგვაკლდა. რა ფორმით დაბრუნდება, ვნახოთ", - თქვა გიორგი გახარიამ.
თეას დაბრუნებას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ვნახავთ, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ვის და რატომ უხსნიან სამინისტროს. ქამრების შემოჭერამდეც და ახლაც, კულტურის სამინისტროს დანიშნულებაც ხომ, მხოლოდ ის იყო, დაეყო კულტურის სფეროს მოღვაწეები მათიანებად და სხვისიანებად - და გაჭირვებული ხალხის ფულის განაწილებაც პროექტებში, გამოფენებში, ფესტივალებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში სწორედ ამ კრიტერიუმებით ხდებოდა. ის, რომ ოცნების მთავრობაში სახელმწიფო თანხა, შორს არ მიდის, ამას მიხეილ გიორგაძის მინისტრობის დროს უწყების მიერ გახარჯული ბიუჯეტიც ადასრტურებს, სწორედ ამ პერიოდში სამინისტროს მაღალჩინოსნებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან გამარტივებული შესყიდვებისა და პირდაპირი დაფინანსების გზით რამენიმე მილიონი ლარი მიიღეს.
"ეს არის ჩვეულებრივი ინტერესების თამაში, მეტი არაფერი. უბრალოდ თეას უკეთებენ სამინისტროს. თეას სამინსიტრო იხსნება, მეტი არაფერი. არ უნდა ბიძინას, აწყენინოს თეას, თეა ძალიან რადიკალურია, ძალიან მისთვის მისაღებია,, საოცარ რაღაცეებს ლაპარაკობს ეს ადამიანი. ნაწყენია. კულტურის კომიის ხელმძღვანელობა, ცოტა არ იყოს, ჩამოქვეითებაა. აი, მინისტრი მაინც სხვანაირად ჟღერს და პარადოქსების ქვეყანა ვართ, თან სასაცილოა, მაგრამ არ არის ბოლომდე სასაცილო", - ამბობს გია ბუღაძე.
ხედვა რომ ქართული ოცნების ხელწერა არაა, ამას არაერთი გადაწყვეტილება ადასტურებს. "გარეჯი საქართველოაო" - გამოგვიცხადეს ის, რაც აქამდეც კარგად ვიცოდით და წინასაარჩევნო პროპაგანდად აქციეს, თუმცა დაავიწყდათ, რომ გელათიც საქართველოა და წუხილი კულტურული მემკვდირებოს განაგურებაზე არავისგან გაგვიგია.
"მთლიანად სფეროსი და მთიანად მიმართების და დინამიკის ეს არის კოლაფსი. გელათი არის ამის სამწუხარო დასტური. გელათის ციკლი იყო მთლიანად ხარვეზებით სავსე. ეს არის ციკლი, რომელიც დაიწყო პროექტირების ახალი ეტაპის გაუმართაობით, შემოწმების გაუამრთაობით, შესრულების გაუმართაობით, კონტროლის გაუამრთაობით, გულგრილობით და არხეინად ყოფნით. რაც ასეთი საშინელი შედეგით დასრულდა გელათში", - ამბობს ნიკა ვაჩეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, "ქართულ ოცნებაში" განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას და კულტურის სამინისტროს ცალკე დაფუძნებას გეგმავს. განათლების სამინისტროს კულტურა და სპორტი 2018 წელს, შეუერთეს, რასაც გია ვოლსკი შეცდომას უწოდებს - ისედაც თავიდან შეცდომა იყო დაშვებული, როდესაც გავაერთიანეთ - თქვა მან.