კვლავ უცნობია, რატომ მიიმალა ბადრი ესებუას სავარაუდო მოკავშირე, შალვა გულუა, 21 დეკემბრის შემდეგ, რომელიც დღეს სახლში დაბრუნდა, ახლა კი კამერებთან არ ჩნდება.
"მოსულია, კარგად არის... მე არ ვიცი სად იმყოფებოდა. არაფერი კავშირი არ ჰქონდა ბადრისთან", - ამბობს შალვა გულუას დედა, ნუნუ ხუფენია.
"ბავშვია, ცოტა ვერ არის და ტყეში იყო დაკარგული. იყო ავარია, არავითარი კავშირი არ გვაქვს ესებუასთან, არ ვართ ტერორისტები. ისეთი თემებია, არ შეიძლება ტელევიზიაში ვილაპარაკოთ", - ამბობს ბიძა, ვალერი გულუა.
ცნობისთვის, გულუა იმ ავტომობილის მფლობელია, რომელიც ნატყვიარი იპოვეს და რომლითაც, არსებული ვერსიით, სოფელ ყულიშკარში ბადრი ესებუა გადაადგილდებოდა ან მასთან გულუას საკვები მიჰქონდა.
ბადრი ესებუას ბიძა ადასტურებს, რომ გაქცეული თავდამსხმელი შალვა გულიუას და მის ოჯახს კარგად იცნობდა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას თვეზე მეტია ეძებს. თავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტმობერს მოხდა. შეარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, წამოაყენა საკუთარი მოთხოვნები და რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარი მილიონი ლარი წაიღო და მიიმალა.
ავტორი: დეა მამისეიშვილი