პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას, რომ საქართველო გაწევრინდეს კავკასიურ პლატფორმაში, პოლიტიკოსები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ინტერესებიდან აცდენილს უწოდებენ.
"ეს პლატფორმა, რომელიც გააჟღერა ერდოღანმა, პირდაპირ ითვალისწინებს რეგიონში დასავლეთის ინტერესების შევიწროვებას,ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ესალმება ამ ინიციატივას სალომე ზურაბიშვილი" , – ამბობს ენმ–ს წევრი სალომე სამადაშვილი
"ზურაბიშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ საქართველო უნდა ჩაერთოს ამ პლატფორმაში, რომლის მთავარი მიზანი აშშ–ის ფეხის ამოძირკვაა ჩვენი რეგიონიდან, სინამდვილეში ამ სადღეგრძელოებს მიღმა საქართველოს საგარეო პოლიტიკა გახდა მულტივექტორული და გაყინულია ნატოში გაწევრიანების პროცესიც" – ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი
ოცნებაში ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის განცხადება საზოგადოებამ არასწორად გაიგო და ის დამაზიანებელი არ არის საქართველოს ევროპაში ინტეგრაციისთვის.
შეგახსენებთ, აშშ–ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, "კავკასიური პლატფორმის" შესახებ, სალომე ზურაბიშვილის იდეას გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს მხრიდან, ამ პროექტის მხარდაჭერა ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებს- ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.