რას გულისხმობს ერდოღან-ზურაბიშვილის კავკასიური პლატფორმა

გამოქვეყნდა:

11 დეკემბერს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის, თქმით, მან ბაქოში, კოლეგებთან განიხილა კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის პლატორმა, რომელმაც შეიძლება ახალი ფურცელი გადაშალოს სომხეთთან ურთიერთობაში, თუ ერევანი "პოზიტიურ ნაბიჯებს" გადადგამს.

ერდოღანმა თქვა, რომ რეგიონული პლატფორმა - რომელიც მოიცავს რუსეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ირანსა და სომხეთს - ყველასთვის მომგებიანი იქნება და რომ ვლადიმერ პუტინიც დაინტერესებულია იდეით.

"თუ სომხეთი პოზიტიურად განავითარებს ამ პროცესს, ჩვენ გავუღებთ მას საზღვრებს. ჩვენი ერთდერთი ინტერესია, რომ მონაწილეობა მივიღოთ რეგიონულ მშვიდობაში", - თქვა ერდოღანმა.

ცნობისთვის, ყარაბაღში კონფლიქტის დასრულების შემდეგ რუსეთმა ადგილზე სამშვიდობოები განალაგა. შეთანხმების მიხედვით, რუსეთი და თურქეთი ერთობლივად დააკვირდებიან შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე.

'კავკასიური პლატფორმის' იდეაზე სალომე ზურაბიშვილმაც ისაუბრა, ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომაზე, 11 დეკემბერს. მისი თქმით, 

"ახალი მიდგომა გვჭირდება კავკასიაში ჩვენი მეზობლების და ახალი მოცემულობის გათვალისწინებით. საჭიროა, საქართველომ დაიბრუნოს ისტორიული როლი, როგორც კავკასიის ძრავამ და გამაერთიანებელმა. ამისთვის შესაძლებელია, ვიფიქროთ 'კავკასიური მშვიდობის პლატფორმის' იდეაზე... გააძლიერებს ამ რეგიონის პოტენციალს, შეასრულოს სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგეტიკის ჰაბის როლი". 

ბოლოს იდეა "ელჩების კონფერენცია 2020"-ზე გააჟღერა ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას, რასაც კრიტიკა ჯერ საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩისგან, იან კელისგან, შემდეგ კი აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი სარდალისგან, ბენ ჰოჯესისგან მოჰყვა.

უცხოელი პარტნიორებისთვის საინტერესოა, რატომ სურს საქართველოს პრეზიდენტს 'კავკასიური პლატფორმის' პოპულარიზაცია, როდესაც ეს ხელს უწყობს რეგიონის საქმეებში რუსეთის ჩარევას და აცემენტებს ოკუპანტს საზღვრებზე.

ისინი კრიტიკით შეხვდნენ ზურაბიშვილის ნათქვამსაც, რომ "მშვიდობის დაბრუნება სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო ჩვენს რეგიონში ყველასთვის", რადგან ვიცით, რომ ყარაბაღში "მშვიდობის დაბრუნებას" რუსული ჯარები ახორციელებენ, როგორც ეს იან კელიმაც დაწერა.

სალომე ზურაბიშვილის მიმართ კი კრიტიკული განცხადებები, არა მხოლოდ დასავლელი პარტნიორების, არამედ ოპოზიციის მხირდანაც გაკეთდა. მათი თქმით, ეს პლატფორმა ახალ გეოპლიტიკურ გადანაწილებას გულისხმობს თურქეთის, ირანის, რუსეთისა და კავკასიის ქვეყნების მონაწილეობით და ეს ყველაფერი დასავლეთისა და ჩვენი სხვა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის გარეშე მოხდება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი