ქართველი ხალხი იმსახურებს უფრო მეტ პასუხს, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს ამ პლატფორმის მხარდაჭერაზე - აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი, რომელიც ერთერთი პირველი იყო, რომელიც სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, "კავკასიური პლატფორმის" იდეის საფრთხეებზე ამჯერად "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში საუბრობს.
დიპლომატი ამბობს, რომ ეს იდეა გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და მისი მიზანი რეგიონიდან დასავლეთის გაძევებაა.
იან კელი ამბობს რომ საქართველოს მხრიდან, ამ პროექტის მხარდაჭერა ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებს- ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას.
“გაცილებით მეტი შეკითხვა მაქ ვიდრე პასუხი ამ პლატფორმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ის რეგიონისთვის. ჩემი შეშფოთება ბოლო ტენდენციებიდან, რაც სამხრეთ კავკასიაში ხდება, მიმართულია იქითკენ, რომ რეგიონიდან გააძევოს დასავლეთი და ეს პლატფორმა შეიძლება გახდეს ადგილი სადაც არა მხოლოდ ეკონომიკა განიხილება, არამედ გახდეს ადგილი, სადაც პოლიტიკური საკითხებიც განიხილება", - ამბობს იან კელი.
დიპლომატისთვის გაუგებარია, რატომ უჭერს მხარს საქართველოს პრეზიდენტი პროექტს, რომლის მიზანიც რეგიონიდან დასავლეთის გაძევებაა.
“საქართველო უფრო მეტად უნდა იყურებოდეს არა ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ, არამედ დასავლეთისკენ.
ეს წამოჭრის დიდ შეკითხვას, რატომ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის სამშვიდობო ძალებს და საქართველოს ჩართულობას ამ პლატფორმაში, რომელიც თითქოს ცდილობს, რომ ღობე შემოარტყას სამხრეთ კავკასიას, სადაც მხოლოდ იქნება რუსეთი, თურქეთი და ირანი”, - ამბობს იან კელი გადაცემაში "მთავარი მსოფლიო"
შეგახსენებთ, "კავკასიური პლატფორმის" იდეას საქართველოს პრეზიდენტი "ელჩების კონფერენცია 2020"-ზე სიტყვით გამოსვლისას მიესალმა.
ზურაბიშვილის ანტისახელმწიფოებრივი განცხადება მკაცრად გააკრიტიკეს საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა და აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა სარდალმა ბენ ჰოჯესმა.