ირანული ქვების კორუფციული სქემა გაშიფრულია - კვალი ქართული ოცნების დეპუტატის, ედიშერ თოლორაიას სანათესაომდე მიდის.
სქემა ასე გამოიყურება - ოპოზიციის მტკიცებით, თეთრი ქვების შემოტანა თბილისის მერიამ "გრინსერვისს" დაუკვეთა, რომელმაც კონტრაქტი "როიალ სტოუნთან" გააფორმა.
ამ კომპანიამ კი ქვები სწორედ იმ ირანული კომპანიისგან იყიდა, რომელსაც აშშ-მ სანქცია დაადო.
სწორედ აქ ჩნდება "ქართული ოცნების" დეპუტატის ახლობლის გვარი - როიალ სტოუნის ერთერთი დამფუძნებელი ლევან გორდულავაა, რომელიც დეპუტატ ედიშერ თოლორაიას ბიძაშვილია.
კომპანიის თანადამფუძნებლებს შორის კი პაკისტანელი და ბრიტანეთის მოქალაქე, წარმოშობით ირანელი ბიზნესმენია. ეს გარემოება კი ოპოზიციას თეთრი ქვების ირანიდან შემოტანის არგუმენტს უმყარებს.
კიდევ ერთი დეტალი, რაც ოპოზიციისთვის მთავარ მტკიცებულებად იქცა, კახეთის გზატკეცილზე თეთრი ქვებით სავსე ტომრებს ეხება.
"ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, ტომარაზე დატანილი ეს ირანული წარწერა თეთრი ქვების სკანდალურ საქმეს მეტ სიცხადეს სძენს და თავდაყირა აყენებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანიის გრინსერვისის ხელმძღვანელის არგუმენტს, რომ თითქოს ამ ტომრით ქვები არ შემოუტანიათ და რომ ტომარა ძველია.
"გრინსერვისში" ამბობენ, რომ ქვების წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს და არც დაინტერესებულან, საიდან შემოიტანა ქვები "როიალ სტოუნმა".
"გრინსერვისთან" კონტაქტს კი "როიალ სტოუნის" დამფუძნებელი უარყოფს და ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს.
ლევან გორდულავა ამტკიცებს, რომ მისი კომპანია ქვების იმპორტით დაკავებული არ არის. ასევე ამბობს, რომ კომპანია 2016 წელს არის დაფუძნებული, თუმცა, საჯარო რეესტრის თანახმად, კომპანია 2019 წელს დაარსდა, მისი იურიდიული მისამართი გოთუას 24-ია, ამ მისამართზე მისულებს კი კომპანიის ნაცვლად, საცხოვრებელი სახლი დაგვხვდა.
ოპოზიცია ითხოვს, რომ გამოძიება კორუფციული სქემით დაინტერესდეს, რადგან მნიშვნელოვანია დადგინდეს, სატენდერო კომპანიამ რატომ არ მოითხოვა თეთრი ქვების წარმოშობის სერტიფიკატი.
თბილისის მერიამ სამშენებლო მასალა აშშ-ს სანქცირებული ირანული კომპანიისგან სამ მილიონ დოლარად შეიძინა. საუბარია კომპანია Arvand Petrochemical Company-ზე, რომელსაც სანქცია აშშ-სგან 2019 წელს ისლამურ რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს ფინანსური მხარდაჭერისთვის აქვს დაწესებული .
ავტორი: ნინო ღვედაშვილი