პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, სემეკის სხდომაზე, სავარაუდოდ, დენის ტარიფი გაიზრდება, რის მიზეზადაც გახარია 2017 წელს მეთოდოლოგიის ცვლილებას ასახელებს. გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე წარმოადგინა მთავრობის გეგმა ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის საპასუხოდ.
"როგორც საქართველოს მთავრობა ისე საექსპერტო საზოგადოება, ყველანი ველით, რომ ტარიფი იქნება გაზრდილი, ამას თავისი ობიექტური დასაბუთება და ახსნა აქვს, მოგეხსენებათ, რომ 2017 წელს მოხდა მეთოდოლოგიის ცვლილება, რის შედეგადაც სამი წლის განმავლობაში ტარიფი არ გადახედილა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მოსალოდნელია ტარიფის ზრდა ელექტროენერგიაზე. როდესაც, თუნდაც ობიექტური მიზეზების გამო ხდება ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა, ეს არის ჩვენი შემდგომი ახალი გამოწვევა, რომელსაც ხელისუფლებამ და საქართველოს მთავრობამ უნდა უპასუხოს და ჩვენ ეს ძალიან კარგად გვესმის",– თქვა გიორგი გახარიამ
გახარიას თქმით, საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდას ვერ იგრძნობენ, რადგან მთავრობა დაასუბსიდირებს სხვაობას ახალ და ძველ ფასს შორის.
"ჩვენ გვქონდა მსჯელობა გუნდში და მივიღეთ ერთადერთი ამ მომენტისთვის შესაძლებელი და გამართლებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა 2021 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარფის შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის", – თქვა პრემიერმინისტრმა გახარიამ
გახარიამ განმარტა რას ნიშნავს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტი და თქვა, რომ საქართველოში სულ 1 700 000–მდე აბონენტია, აქიდან კი მისი თქმით, 1 600 000 აბონენტი, მოიხმარს 300 კილოვატზე ნაკლებს. გახარიას თქმით, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში აბონენტების 95% სრულად იქნება სუბსიდირებული ნაზარდი ფასის ელექტროენერგიაზე.
გახარიას თქმითვე, კომპანიებს, რომლებიც ადგილობრივად აწარმოებენ, პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებს ნაზარდი ტარიფი დაუსუბსიდირდებათ, რის შედეგად მთავრობა მოელის, რომ ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა არ აისახება საკვები პროდუქტების ფასზე.
"მოგეხსენებათ, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა, მოხდება არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის არამედ ორგანიზაციებისთვის, რა თქმა უნდა არსებობს რისკი ამ გაზრდილი ტარიფის გადაცემის საბოლოო მომხმარებლისთვის პროდუქტის ფასზე, ამ მიზეზის გათვალისწინებით, მთავრობა, ყველა იმ კომპანიას, რომელიც არის პირველად დასაქმებაში და აწარმოებს ადგილობრივად საკვებ პროდუქტს, სრულად ექნება დასუბსიდირებული, სრულად ექნება დასუბსიდირებული ნაზარდი ტარიფი დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობა, 50%–ით, 2021 წლის განმავლობაში. ეს არის ის მინიმუმი რაც გვაძლევს საშუალებას დავრწმუნდეთ, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა, საკვები პროდუქტების ფასზე არ აისახება." – თქვა გიორგი გახარიამ
პრემიერმინისტრის განცხადებით, მოსალოდნელია თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყლის გადასახადიც გაიზარდოს, სახელმწიფო კი სრულად დაასუბსიდირებს წყლის ზრდის ტარიფსაც.
რამდენით მოიმატებს ელექტროენერგიის ტარიფი - სემეკის სხდომა დღეს გაიმართება.