"შევიდეს ალეკო ელისაშვილი პარლამენტში და დაგვანებოს თავი, რა.." - ასე უპასუხა "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "გირჩისა" და "მოქალაქეების" ერთობლივ არგუმენტს იმის შესახებ, რომ ამ ეტაპზე ისინი ვერ ხედავენ უკეთეს გამოსავალს, ვიდრე პარლამენტში შესვლაა.
ნინო ბურჯანაძემ მთავარ არხზე, გადაცემაში "დღის სტუმარი" ამ რეპლიკით ამავე გადაცემის წინა სტუმრებს - ვახტანგ იმერლიშვილსა და ლევან იოსელიანს უპასუხა.
ხომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორ მოიპოვა ალეკო ელისაშვილმა მხარდაჭერა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, როცა თბილისში იყრიდა კენჭს და არ იყო ისეთი ვითარება მაშინ, როგორიც იყო სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის და ისიც ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ არჩევნებზე არავინ არ ებრძოდა ალეკო ელისაშვილს და არავის წუართმევია მისთვის ხმები. შევიდნენ პარლამენტში და გაგვანებონ თავი...
ვინც შედის პარლამენტში, ვინც სხვა გამოსავალს ვერ ხედავს, ვინც ვერ ხედავს ბრძოლაში აზრს, შევიდნენ, ოღონდ ოპოზიციას დაანებონ თავი. მე პირდაპირ მაქვს ნათქვამი თქვენს გადაცემაში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ის, რაც ელისაშვილმა გააკეთა იმისთვის, რომ პარლამენტში თავისი შესვლისთვის ახსნა მოეძებნა - ოპოზიციურ ლიდერებს დაუწყო ლანძღვა და ოპოზიციურ პარტიებში შუღლის ჩაგდება გადაწყვიტა, როცა ნახევარ ოპოზიციას შეურაცხყოფა მიაყენა და ამბობდა, ამათ ჭკუაზე დადიან, იმათ ჭკუაზე დადიანო, ეს იყო ბიძინა ივანიშვილის თამაში.
ამას თუ ვერ აცნობიერებს ელისაშვილი, მაშინ მისი ადგილი პოლიტიკაში არ არის, თუ აცნობიერებს, მაშინ ივანიშვილის თამაშს თამაშობს. ახლა არ არის მოწონება-არმოწონების დრო, ისევე როგორც არ იყო მაშინ, როცა ჩვენ პროპორციული არჩევნებისთვის ვიბრძოდით - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ "დღის სტუმარში", "მთავარ არხზე".
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია ალეკო ელისაშვილს და მთელს ოპოზიციას სთავაზობს პარლამენტში შესვლას, იმ პირობით, რომ თუკი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" 48%-ზე დაბალ შედეგს მოიპოვებს, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე თანახმა იქნება.
ალეკო ელისაშვილის თანაპარტიელი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ კონსულტაციები მხოლოდ გირჩთან აქვს და "ოცნებასთან" რაიმე ტიპის მოლაპარაკებებს უარყოფს. გავრცელებულ ინფორმაციას თავად ალეკო ელისაშვილიც შეეხმიანა:
...ხმამაღლა და მკაფიოდ გვაქვს ნათქვამი რომ თუ რიგგარეშე არჩევნები იქნება კარგია, არ ვართ წინააღმდეგები მაგრამ თუ არ დაინიშნება არც მაგაზე მოვიკლავთ თავებს. ჩვენთვის მთავარი არის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტური ცვლილება. ჰოდა, აქედან გამომდინარე ლოგიკა გეუბნებათ რომ ჩვენი და ქართული ოცნების ფარული მოლაპარაკებების საფუძველიც კი არ არსებობს, - აღნიშნა "მოქალაქეების" ლიდერმა.
აქვე გეტყვით, რომ "ქართული ოცნების" ერთერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "რაც არ უნდა გადაწიონ, რაც უნდა მათი გადმოსახედიდან ჩვენთვის მომხიბვლელი იყოს წინადადება - 2022-ში, 2023-ში, 2024 წლის არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჩატარება თუ ა.შ. , ასეთი ან მსგავსი საკითხი კატეგორიულად არ განიხილება ჩვენი გუნდის მიერ".