დიმიტრი ხუნდაძეს აქვს ინიციატივა, ოჯახში მოძალადეთა ნაწილი ამნისტიით გათავისუფლდეს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე გამოდის ინიციატივით, რომ ოჯახში მოძალადეთა ნაწილს ამნისტია შეეხოს და ისინი გათავისუფლდნენ. ეს მოსაზრება მან პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააჟღერა. საუბრის დაწყებამდე ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ის არ არის იურისტი და არც სისხლის სამართლის სპეციალისტი.

"კი, თქვენ ახსენეთ, რომ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით არის პრინციპული ნეგატიური დამოკიდებულება, რომ იქნას გარკვეული ნაწილი გათვალისწინებული, მაგრამ მე ძალიან ბევრ ოჯახთან მქონია საუბარი, ოჯახის წევრებთან და მათი ნათქვამიც მოვიტანე, არა მხოლოდ მათი ნათქვანი, ჩემი აზრიც ემთხვევა მათთსაც, ამიტომ ვთვლი თავს ვალდებულად, ამაში უფრო აქტიური მონაწილეობა მივიღო.

არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ემოციურ ფონზე წარმოშობილი კონფლიქტები.. ამას გამართლება არ აქვს, თუნდაც, ემოციის ფონზე იყოს. მაგრამ ვფიქრობ, რაღაც ნაწილი ამ საკითხთან დაკავშირებული გაგვეთვალისწინებინა. უპირველესად, სოციალური ფონის, მით უფრო, ამ პანდემიის ფონზე, როდესაც ყველა ოჯახს დამატებითი ტვირთი აქვს", - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ. 

ხუნდაძე ამბობს, რომ სრული ამნისტია არ უნდა მოხდეს და განმარტავს, რომ მისი აზრით, შეიძლება რამე პროფესიული აცდენა იყოს, მაგრამ, ძალიან კარგი იქნება, თუ ოჯახში ძალადობაში ბრალდებულები, რომლებისთვისაც ეს პირველი შემთხვევაა, გათავისუფლდებიან:

"თუ არის პირველი შემთხვევა, თუ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მას აქვს დადებითი დახასიათება და ოჯახის თანხმობა თუ არის, მხოლოდ ერთი გამონაკლისი უნდა ჩაიდოს – თუ არის პირველი შემთხვევა, მაშინ უნდა იქნას გათვალისწინებული ოჯახის თანხმობა. ასე ვფიქრობ, იმიტომ, რომ  შესაძლოა, მეორე და მესამე შემთხვევაში, ოჯახში თანხმობა გარკვეულწილად ქვეცნობიერი იყოს ძალადობრივი და შესაძლოა, შედეგი იგივე დადგეს. თუკი ვთქვათ ოჯახი ამ თანხმობას არ გამოხატავს და სასჯელის ამოწურვის შემდეგ, ოჯახის უფროსმა, წარსულში მოძალადემ, შესაძლოა კიდევ ერთხელ მიაკითხოს ოჯახს სამაგიეროს გადახდის სურვილიც კი გაუჩნდეს.

ამიტომ მე ფიქრობ, მეორე შემთხვევაში თუ შესაძლებელია, ოჯახის თანხმობა უკვე არ იქნას გათვალისწინებული, ეს იქნება მათთვისაც დაზღვევის მექანიზმი. თუ ადამიანმა ეს ემოციურ ფონზე, რა თქმა უნდა, გამართლება ამისგან შორსაა, თუ მისი დახასიათება იძლევა იმის საშუალებას, რომ რისკები მინიმალური იყოს, ოჯახის თანახმაა, ამ სოციალურ ვითარებაში მე ვფიქრობ, ეს იქნებოდა არა მხოლოდ კარგი, არამედ  ძალიან კარგი და აუცილებელი" - განმარტა მან.

დეპუტატმა სხდომაზე, ასევე, აღნიშნა, რომ "ამის ჩამდენი" - ანუ ოჯახში ძალადობის,უფრო ხშრიად კაცები არიან, რომელბსაც ის "ოჯახის უფროსებს" უწოდებს.

"ოჯახები არის გახლეჩილი, აქ არის ბევრი პრობლემა, ოჯახს ეკონომიკურად უჭირს და ოჯახის უფროსი, უფრო ხშირად, ოჯახის უფროსები არიან ხოლმე ამის ჩამდენი, სამწუხაროდ. ისინი არათუ ეხმარებიან ოჯახს, არამედ ტვირთან აწვებიან, მათი მორალური და ეკონომიკური მხარე ძალიან შეუსაბამო ხდება. თუმცა, მე არ ვფიქრობ, რომ ხელაღებით სრული ამნისტირება უნდა მოვახდინოთ დანაშაულის", - თქვა მან.

აქვე შეგახსენებთ, ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ოჯახში ძალადობის დანაშაულმა 8,5%-ით მოიმატა, რასაც უწყება გაზრდილი მიმართვიანობით ხსნის. თუმცა პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყნის ექსპრეტები საუბრობენ, რომ ასეთ პირობებში ოჯახში ძალადობის რისკი კიდევ უფრო იზრდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი