ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს ფინანსურ დეპარტამენტს ხელფასების ჩარიცხვა მოსთხოვეს, ოპონენტებმა უპასუხეს.
საუბარია ბაჩუკი ქარდავაზე, ტარიელ ნაკაიძესა და ავთანდილ ენუქიძეზე.
"საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრი, ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ მას ერთპარტიული პარლამენტისგან ხელფასი არ მოუთხოვია.
"ხელფასი არ მოუთხოვია ბაჩუკი ქარდავას, ბაჩუკი ქარდავა არ არის არალეგიტიმური პარლამენტის წევრი და არც გახდება არასდროს იმიტომ, რომ მიგვაჩნია, გაყალბებული არჩევნების შედეგად შემდგარი პარლამენტი ამ ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს", - ამბობს ბაჩუკი ქარდავა.
"ევროპული საქართველოს" წევრი, ტარიელ ნაკაიძე კი, ამბობს, რომ მიღებული ანაზღაურებით იმ სამოქალაქო აქტივისტებს დაეხმარება:
"უკეთესი იქნებოდა, რომ იმ ბრძოლაში, რომელიც დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ დაუღლელად შრომობენ ადამიანები, აქტივისტები, რომლებსაც უჭირთ და არ აქვთ საშუალება, უფრო მეტად გააფართოვონ მათი ბრძოლა, მე დავეხმარო მათ", - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი, ტარიელ ნაკაიძე.
ანაზღაურების მიღების მოთხოვნას უარყოფს "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ავთანდილ ენუქიძე, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ის პარლამენტში შესვლას აპირებს.
"ანაზღაურების აღებით არ მიმიმართია. მე არაფერს არ ვითხოვ და თუ მომცემენ, ავიღებ. მე განვაცხადე, რომ შევალ და შევალ პარლამენტში", - ამბობს ავთანდილ ენუქიძე.
ცნობითვის, 60 დეპუტატიდან, რომლებმაც საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, 50-ზე მეტმა უკვე საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების შეჩერების შესახებ მიმართა. განცხადება არ დაუწერიათ "მოქალაქეების" წევრებს და, ასევე, "გირჩის" რამდენიმე წევრს.