"ოცნების" საჩივარზე, მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" სამართალდამრღვევად სცნო

გამოქვეყნდა:

ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სხვა საკითხებთან ერთად, დღეს განიხილა "ქართული ოცნების" საჩივარი "მთავარი არხის" წინააღმდეგ - ყველა საარჩევნო სუბიექტისა და ცესკოსთვის უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე უარის თქმის შესახებ, არჩევნების მეორე ტურის წინ.

"ოცნების" საჩივარზე მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" სამართალდამრღვევად ცნო, ზომად გაფრთხილება გამოიყენა, რადგან კომისიის თქმით, არხისთვის ეს პირველადი დარღვევა იყო.

"ქართული ოცნების" იურისტის განცხადებით, მაუწყებლობის შესახებ კანონის 66-ე მუხლი ცალსახად ავალდებულებს მაუწყებელს, განათავსოს უფასო პოლიტიკური რეკლამა.

მარეგულირებელმა კომისიამ მიიჩნია, რომ საჩივარი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" შეიტანა კომისიაში, შედის მისი კომპეტენციის ფარგლებში და ექვემდებარება სანქცირებას, შესაბამისად, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა სანქცირება მოითხოვა. 

"მთავარი არხის" იურისტმა თამთა მურადაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ კანონის იმ მუხლში, სადაც უფასო პოლიტიკურ რეკლამაზეა საუბარი, ამოსავალი წერტილია დროის არადისკრიმინაციული გადანაწილება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის, რაც არ დარღვეულა "მთავარი არხის" უარით.

არხის იურისტის თქმით, არხის პოზიცია იყო პროტესტი, რომელიც გამოიხატა სიჩუმით. 

"ერთი მხრივ, საარჩევნო კოდექსის 76-ე პრიმა მუხლი ამბობს, რომ მაუწყებელი ვალდებულია გამოყოს უფასო საეთერო დრო და გადაანაწილოს არადისკრიმინაციულად, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რის გამო არ გამოყო დრო მაუწყებელმა; ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჩვენ გვქონდა უფლება, გამოგვეთქვა პროტესტი ამ გზით", - განაცხადა თამთა მურადაშვილმა სხდომაზე. 

"ვერ გავიზიარებ ქალბატონი თამთას მოსაზრებას, რომ ამ შემთხვევაში არადისკრიმინაციული განაწილებაა ამოსავალი წერტილი, რადგან, როცა მაუწყებელი უარს ამბობს საერთოდ უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე, პოლიტიკურ სუბიექტებს არ ეძლევათ საშუალება, წარმოდგენილი იყვნენ კოდექსის ამ ჩანაწერის, 76-ე პრიმა მუხლის იმ ნაწილების მიხედვით, რომელიც მსგავს შემთხვევებს არეგულირებს. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ "მთავარ არხს" უნდა განეთავსებინა უფასო პოლიტიკური რეკლამა თავის ეთერში და არ ჰქონდა მასზე უარის თქმის უფლება", - განაცხადა "მთავარი არხის" იურისტის მოსაზრების პასუხად "ქართული ოცნების" იურისტმა ეკა ჭახრაკიამ.

მარერგულირებელი კომისიის წევრების ვახტანგ აბაშიძისა და ირაკლი ბუთბაიას განცხადებით, ის გამონაკლისი, როცა მაუწყებელს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, განათავსებს თუ არა უფასო პოლიტიკურ რეკლამას თავის ეთერში, ეხება ადგილობრივ მაუწყებლებს და არა საერთო მაუწყებლებს. ამასთან, ირაკლი ბუთბაია არ ეთანხმება "მთავარი არხის" იურისტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლების კუთხით, მაუწყებელს ჰქონდა უფლება, უარი ეთქვა უფასო საეთერო დროის გამოყოფაზე.  

"მხოლოდ ის, რომ კანონითაა გაწერილი, არაა საკმარისი, დაკმაყოფილებული უნდა იყოს დანარჩენი ორი ტესტი, რაც გულისხმობს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და აუცილებელს დემოკრატიულ საზოგადოებაში, ჩვენი პროტესტი კი, რომელიც ‘გამოხატული იყო სიჩუმით’, მთლიანად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ნორმებში და უნდა გადაწონოს სხვა არგუმენტები, მით უმეტეს, რომ პოლიტიკური პარტიები, რომელთაც არ დავუთმეთ უფასო საეთერო დრო, არ დაზარალებულან, რადგან სხვა მაუწყებლებს მათთვის არ შეუზღუდავთ უფასო საეთერო დრო", - განაცხადა თამთა მურადაშვილმა. 

"საკითხი დგას ასე: მაუწყებელს უნდა განეთავსებინა უფასო პოლიტიკური რეკლამა და არ განათავსა. შესაბამისად, ეს საკითხი სწორედ ასე უნდა იყოს განხილული". - განაცხადა "ქართული ოცნების" იურისტმა. 

საბოლოოდ, კომისიამ გადაწყვიტა, პირველ ჯერზე, ამ სამართალდარღვევის გამო, მთავარი არხი წერილობით გააფრთხილოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი