ღამის 12:00 საათია და ყველაფერი რიგზეა - ისევ დაიძახებს ლამაზქალაქის დარაჯ ლეპოლდინოსავით თქვენი ეკრანებიდან ქვეყნის რომელიმე, პირველი პირი და კიდევ ერთი ახალი წელი დადგება - ახალი წელი ახალი გამოწვევებით, მაგრამ მანამდე იყო ყველაზე მძიმე, ყველაზე რთული 2020 წელი....
აფრიკის დასახლება. სოციალურად დაუცველი ათეულობით ოჯახისთვის დანგრეული ერთადერთი, ნახევრად აშენებული სახლები - მთავარი სიმბოლოა, ამ ერთი, უკვე გასული წლის.
ალბათ ყველაზე რთულია, ახალი წლის იმედიანი დღის გათენებამდე მოჰყვე, როგორი იყო გასული წელი, წელი, რომელმაც ამ ადამიანების სახლების მსგავსად დაანგრია თითქმის ყველაფერი, რაც ქვეყნის მშენებლობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში დემოკრატია.
როცა პარლამენტში მარტო დარჩენილი ქართული ოცნება საქართველოს ჰიმნზე ფეხზე ადგა, გარეთ საბჭოთა კავშირის ჰიმნი ისმოდა.
მოქალაქეები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ, პოლიტიკოსები რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით, მიღებულ მანდატებს ერთმანეთის მიყოლებით ხევდნენ.
პარლამენტიდან კი ორმაგი სტანდარტებით გამორჩეული ხელისუფალი თან არჩევნებს ქვეყნის დემოკრატიულ მონაპოვარს უწოდებდა, თან ოპოზიციას სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტით ემუქრებოდა.
ის რაც ამ პროტესტსა და დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში პირველ ერთპარტიულ პარლამენტს წინ უძღოდა იყო პროტესტი, პროტესტი საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით და ყველაზე დიდი მიღწევა ქართულ ოპოზიციურ სპექტრში - გაერთიანება, რომელიც ერთი მიზნით, ხელისუფლების შესაცვლელად შედგა.
ამ გაერთიანებამდე ხელისუფლებამ ნათლად აჩვენა, რომ საბოლოოდ ჩამოშალა ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემა.
ციხეში ისხდნენ გიორგი რურუა, ირაკლი ოქრუაშვილი და 10 თებერვალს დაკავებული გიგი უგულავა.
8 მარტის შეთანხმება, რომელმაც კონსტიტუცია შეცვალა და ქვეყანაში შერეული საარჩევნო სისტემა დააკანონა, ხელისუფლებამ მაინც ნაწილობრივ შეასრულა, პოლიტპატიმრები არ გაათავისუფლა.
ახალი პროტესტისა და დიპლომატების ზეწოლის შემდეგ, მმართველი გუნდი იძულებული გახდა პოლიტიკური შეწყალების აქტის გამოცემა პრეზიდენტისთვის დაევალებინათ, თუმცა მაინც - ხაზგასმით ეთქვა, რომ ლამაზქალაქს პოლიტპატიმრები არ ჰყავს.
მთავარი არხის ერთერთი მეწილე და საპროტესტო აქციების დამფინანსებელი ხელისუფლებამ ციხეში დატოვა.
ეს ქვეყნის ყველაზე კრიტიკული ოპოზიციური ტელევიზიის გაჩუმების ბევრ მცდელობას შორის ერთერთი მცდელობა იყო.
ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენის წინ ხელისუფლება არხის გენერალური დირექტორის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებს ააქტიურებდა - იყო დაბარებები საგამოძიებო უწყებებში და თვალთვალი ოჯახის წევრებზე, ორკესტრირებული შეტევა სიძულვილის ენის გამოყენებით პოლიტიკური ტრიბუნიდან მთავარი არხის ჟურნალისტებსა და ხელმძღვანელებზე.
ამ თავდასხმების მიუხედავად, ერთი წლის ტელევიზიამ შეძლო გაეშუქებინა წლის ყველა მთავარი პოლიტიკური მოვლენა ყველაზე კრიტიკულად და გადაეღო მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორ ყალბდებოდა არჩევნები ...
ამას მოჰყვა საპროტესტო აქციები თბილისსა და რეგიონებში - ამ აქციებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, როგორ ჩამოიშალა ინსტიტუცია, რომელსაც წლების წინ ყველაზე მაღალი ნდობა ჰქონდა. პოლიცია ხელისუფლების პირადი დაცვის ფუნქციით ხალხსა და საოლქო საარჩევნო კომისიების წინ ჩადგა, სადაც გადაკეთებული ოქმების ჩასწორებები ჩასწორებებზე იწერებოდა. ხელისუფლების მოჩვენებით ზრუნვას მოქალაქეებზე ხელი არ შეუშლია ცესკოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლებით დაეშალა
და იმის ნაცვლად რომ პოლიციას მოქალაქეები დაეცვა ჯერ ფარულად უსმენდა სამოქალაქო აქტივისტებს და შემდეგ აქციაზე შეშის შეტანისთვის აკავებდა.
სამართალდამცავი უწყებების უსუსურობა ზუგდიდში მომხდარმა ერთმა კრიმინალმა გააშიშვლა - ბადრი ესებუა, წლის მთავარი ანტიგმირი, რომელიც ნახევარი მილიონი დოლარით ჯერ პოლიციის მანქანით გაიქცა და მერე იმდენჯერ გაიქცა რამდენჯერაც მხოლოდ ფილმებში გინახავთ.
ტერორისტს უიმედოდ დადევნებული ხელისუფლება ისევ ლეპოლდინოსავით ისევ ლეპოლდინოსავით გვარწმუნებდა, რომ ლამაზქალაქში ყველაფერი რიგზეა.
ჩამოშლილ ინსტიტუციებს მიჰყვა ჩამოშლილი ჯანდაცვის სისტემა. მსოფლიოს მთავარმა გამოწვევამ კოვიდმა აჩვენა, რომ უხილავ მტერთან გასამკლავებლად ხელისუფლება მზად არ აღმოჩნდა - ათასობით გარდაცვლილ პაციენტს შორის მოხვდნენ ის ახალგაზრდები, რომლებსაც სათანადო მკურნალობა ვერ გაუწიეს,
სრულ ლოკდაუნს, ე.წ. წერტილოვანი შეზღუდვები მოჰყვა, ეკონომიკური ზრდა შემცირდა, რეკორდულად გაიზარდა უმუშევრობის მაჩვენებელი და ისტორიულად გაუფასურებულმა ლარმა, გაძვირებულმა პროდუქტებმა ამ ქვეყნის მოქალაქეების გადარჩენისთვის ბრძოლა კიდევ უფრო სასტიკი გახადა.
ხელისუფლება კი ისე მიეჩვია თავს თავის მართლებისთვისაც აღარ იწუხებდა, ან დუმდა ან დანაშაულის დაფარვის რეჟიმში იყო. მუდმივად იხსნიდა, კრიმინალზე და იმ ახალგაზრდების სიცოცხლეზე, რომელთა ბუნდოვანებით მოცული გარდაცვალების საქმეებს უფრო მედია იძიებდა ვიდრე საგამოძიებო უწყებები. ასეთი იყო გიორგი შაქარაშვილის საქმე, რომელიც მთავარმა არხმა გახსნა ....
და 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმე, რომელსაც პროკურატურას ნახევარი წელი იძიებდა, შემდეგ დახურა და ოჯახს მხოლოდ სტრასბურგისკენ მიმავალი გზა დაუტოვა.
ამ ყველაფრის პარალელურად საქართველო ისევ იყიდებოდა, იყიდებოდა მაღალჩინოსნებზე, მაღალჩინოსნების მეგობრებზე, კრიმინალურ ავტორიტეტებზე და მთავარ ავტორიტეტზე, დღეგრძელ მარშალზე, რომელის არსებობასაც ზღვაში მოცურავე ხეებში ვგრძნობდით ან დუსელდოტფის ასოცირებული პროფესორის ან სხვათა უნიჭო იუმორის მთავარ მუზად ვხედავდით.
და მაინც, ალბათ ამ ქვეყანაში ამ ერთ წელში ალბათ არაფერი მომხდარა ისეთი მძიმე, როგორიც არ გვინახავს ან ბოლო წლების გამოცდილებით არ დაგვინახავს მაინც, მაგრამ საკანში გამოკეტილი ორი მეცნიერი ამ წლის ყველაზე დიდ ადამიანურ ტრაგედიად რჩება და საბჭოთა რეპრესიების განმეორებული ისტორიის მთავარ შიშად.
წლის ბოლოს მთავრობის შეკრების შემდეგ ქვეყნის პრემიერმა, იმ ყველაფერს რაც ქვეყანაში ხდება სიტყვა კრიზისი მაინც ვერ მოარგო. გვითხრა, რომ ის რამაც დემოკრატია დაანგრია შარშანდელი თოვლივით დაგვავიწყდება.
ეს ალბათ უფრო ხელისუფლების წინასაახალწლო სურვილია, რომ ყველაფერი დავივიწყოთ. არადა ხალხი არაფერს ივიწყებს!
გახარიასაც და ივანიშვილსაც მხოლოდ ერთი რამ დარჩათ ღამის 12:00 საათზე სანამ ლეპოლდინოსავით დაგვძახებენ, რომ ყველაფერი რიგზეა, მოასწროს და ჩაიფიქროს საახალწლო სურვილი, ხალხს კი ემახსოვრება, როგორ მოგვპარეს 2020 წელი და როგორ ვიყოთ უფრო ფრთხილად 2021 წელს ჩვენი უფლებების დასაცავად.