დღეს ერთპარტიული პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ამნისტიის კანონში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. ხვალ კი, საქართველოს პარლამენტი ამავე კანონპროექტში ცვლილებებს, მეორე მოსმენით, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.
ამნისტია სავარაუდოდ, 44 სხვადასხვა მუხლით გასამართლებულ მსჯავრდებულებზე გავრცელდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ამბობენ, რომ მუხლების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ მძიმე დანაშაულებისთვის ბრალდებულებს და ოჯახური ძალადობის გამო დაკავებულებს ამნისტია არ შეეხებათ.
შეეხება თუ არა ამნისტია, ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულებს ჯერჯერობით უცნობია.
"ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, პრინციპული მიდგომაა, რომ ამნისტია არ გავრცელდება ამ კატეგორიის დანაშაულზე, რაც შეეხება ნარკოდანაშაულებს, მეორე მოსმენის ფარგლებში ვიმსჯელებთ, თუ როგორ და რა ფორმით შესაძლოა განივრცოს ამნისტია და ის მუხლები, რომელიც ნარკოდანაშაულს მოიცავს." – ამბობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე
სავარაუდოდ ამნისტია, შინაპატიმრობის სახით, შეეხება სტუდენტებს და იმ ქალ პატიმრებს, რომელთაც არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ.
30 დეკემბერს, ერთპარტიულმა პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.