"შემდეგი ორი კვირა უნდა ვნახოთ და დავაკვირდეთ", - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კითხვას, ხომ არ იგეგმება 16 იანვრის შემდეგ შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვა. ამ თემაზე მან კითხვას საკოორდინაიცო საბჭოს ბრიფინგზე უპასუხა.
"ჯერჯერობით ის სქემა, რომელიც დაანონსდა 16 იანვრის შემდეგ შეზღუდვების შემსუბუქების თაობაზა ძალაში რჩება, თუმცა ჩვენ უნდა გავიაროთ მანამდე 2 კვირა და ორი კვირა იქნება მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ გამოვლინდება, თუკი ამ შეზღუდვების შემსუბუქებებამ 24-დან 2 იანვრამდე პერიოდში გამოიწვია შემთხვევების კიდევ მეტი მატება, თუ მივაღწიეთ შემთხვევების ისევ კრიტიკულ რაოდენობას, როდესაც შეიქმნება რისკი ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო მეტად გადატვირთვის, და ეს იქნება შემდეგი ძალიან სერიოზული დარტყმა, რა თქმა უნდა, საბჭო კიდევ დამატებით იმსჯელებს იმ მექანიზმებზე რაც შეიძლება იქნას გამოყენებული", - თქვა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიამ შობის დღესასწაულთან დაკაშვირებით კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, დაიცვან პირადი უსაფრთხოების და ჰიგიენის ნორმები, მოერიდონ სტუმრიანობას და ხალხმრავალ შეკრებებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 382 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 18 პაციენტი გარდაიცვალა.