სამოქალაქო აქტივისტები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ - აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან

გამოქვეყნდა:

პარლამენტთან სამოქალაქო პროტესტი ისევ გრძელდება, სამოქალაქო აქტივისტების მოთხოვნა ძველი და უცვლელია - გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ჩატარდეს ხელახალი არჩევნები. 

ისინი ამბობენ, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტში დღეს განიხილავენ, სპეციალურად ამოიღეს ის მუხლები, რომლებიც, შესაძლოა, პოლიტპატიმარ გორგი რურუას შეხებოდა.

გიიორგი რურუასთან ერთად, აქტივისტები კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლებასაც ითხოვენ.

"საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ამნისტიის შესახებ კანონიდან ამოიღეს ერთი კონკრეტული მუხლი, რომელიც უნდა შეხევბოდა გიორგი რურუას, ასევე უნდა გათავისუფლდნენ სინდისის პატიმრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა", - ამბობს აქტივისტი ნიკა ნარსია. 

ცნობისთვის. გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა.

გიორგი რურუას საქმეში დევს პოლიციელთა ჩვენებები, რაც ადასტურებს, რომ მათ რურუა თითქოს მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღეს, იარაღით მისი გადაადგილების შესახებ, რაც, სავარაუდოდ, სიცრუეა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ თბილისი-წყნეთის მიმართულებით მიმავალი რურუა სამხარეულის ექსპერტიზის ოფისამდე არმისული, სასაფლაოების გასწვრივ გააჩერეს და მას, კრიმინალური პოლიციის დავალებით, საპატრულო პოლიცია ბენზინგასამართ სადგურთან ელოდებოდა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მაშინვე აედევნა რურუას, როგორც კი მიიღო მინიშნება კრიმპოლისგან და გიორგი რურუას მანქანა სწორედ იმ მონაკვეთზე გააჩერა, სადაც სათვალთვალო კამერები არ არის დამონტაჟებული. ასეთი თბილისი-წყნეთის ამ მონაკვეთზე მხოლოდ რამდენიმე ათეული მეტრია.

სწორედ ამ გაჩერების დროს, ჩხრეკის ჩატარებისას, "აღმოუჩინეს" გიორგი რურუას არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, შესაბამისად, აქვე შედგა ჩხრეკის ოქმიც.

რურუას დაკავების შემდეგ, მისი დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.

გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის ცნობილი შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.

გიორგი რურუას 30 ივლისს მოსამართლე ვლადიმერ ბუგიანიშვილმა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

რაც შეეხება კარტოგრაფებს, აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს ორივეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია, ხოლო ნატალიამ ილიჩოვამ განაცხადა, რომ იმ რუკების მიხედვით, რომელთა დამალვასაც მათ ხელისუფლება ედავება, დავითგარეჯის ნაწილი იკარგება და აზერბაიჯანთან საზღვარი ჩიჩხიტურის კოშკზე გადის.

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი