საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის ახალი შტამის წინაშეა. ხელისუფლების გეგმა ამ დრომდე უცნობია.
"რეალურად საშიშროება ის არის, რომ თუ მართლაც ასეთი სისწრაფით გავრცელდა და ვერ მოხდა მისი ლოკალიზაცია, კვლავ არ დაიწყოს შემთხვევების სწრაფი აღმავლობა და ისევ არ დავდგეთ იმ კრიზისის წინაშე, რომ გადაიტვირთოს საავადმყოფოები და ადამიანებს ვისაც დახმარება ჭირდება ვერ მოხვდნენ კლინიკებში" – ამბობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტების თქმითვე, ახალი შტაბი ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიას თანაბარი წარმატებით აინფიცირებს, და ის, რომ ახალი შტამის რისკ ჯგუფი ახალგაზრდები და ბავშვებია – არ დასტურდება.
ახალი შტამით ინფიცირებულთა "დიდი ნაკადი, დიდი გამოწვევა იქნება ჩვენი პრობლემური ჯანდაცვის სისტემისთვის" – ამბობს ექიმი ვახტანგ კალოიანი.
ექიმ ნანა გეგეჭკორის თქმით, თუ ახალი შტამის გავრცელება უკონტროლო გახდა, ჯანდაცვისთვისაც უკონტროლო სამართავი იქნება.
"ბევრი ადამიანი გახდება ავად, მაგრამ ყველა გახდება ავად მსუბუქი ფორმით, გაციების ფორმით და ბევრი ადამიანის მსუბუქი ფორმით ავად გახდომა, ძალიან მნიშნველოვანია ე.წ. პოპულაციური იმუნიტეტის შექმნისთვის, ამ ადამიანებს ექნებათ ანტისხეულები გამომუშავებული"– ამბობს იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე
გუშინ, საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი 1 პაციენტს დაუდასტურდა.
პაატა იმნაძე ამბობს, რომ პაციენტს მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ახალ შტამთან საბრძოლველი გეგმა არ წარმოუდგენიათ.
საქართველოში COVID-19-ის ახალი შტამი სწრაფად გავრცელდება და გაზრდის ლეტალობას – ექსპერტები.